დღის თემა
etaloni.ge
ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა
30.12.2022

2022 წელს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ქვეყნის მთავრობა, ამ მიმართულებით, ძირითადად გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებით იყო დაკავებული. გეგმები მრავალწლიანია და როგორც გვარწმუნებენ, მან მომდევნო წლებისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი უნდა უზრუნველყოს. 

რა გეგმა აქვს მთავრობას საბავშვო ბაღების მიმართულებით?

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება 2024 წელს  საშუალო თვიური ხელფასის მინიმუმ 10%-ით გაიზრდება, 2027 წელს - საშუალო თვიური ხელფასის მინიმუმ 20%-ით, 2030 წელს კი ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრდება - ამის შესახებ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022 − 2030 და მისი 2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმაშია“ აღნიშნული.

მოგეხსენებათ, ხელფასების ზრდა 2023 წელშიც უნდა განხორციელდეს და საბავშვო ბაღის პერსონალის ანაზღაურება იანვრიდან 100 ლარით უნდა გაიზარდოს.  

როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, 2025 წლისთვის საბავშვო ბაღების 10%-ს უკვე გავლილი უნდა ჰქონდეთ ავტორიზაცია, 2030 წლამდე კი - 100%-ს. ბაკალავრის ხარისხის მქონე აღმზრდელ-პედაგოგების რიცხვი 2024 წელს - 50%, 2027 წელს - 60%, ხოლო 2030 წელს - 70%-მდე უნდა იყოს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების დანერგვა 2023 წლის სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო ეროვნული ბაზის შექმნა აღმზრდელ-პედაგოგების სარეგისტრაციოდ - 2023 წლის ბოლომდე. ჰოლისტური განვითარების პედაგოგიკის შესახებ უწყვეტი პროფესიული განვითარების სავალდებულო ტრენინგ-მოდული 2023 წლის ზაფხულამდე უნდა შეიქმნას, ხოლო აღმზრდელ-პედაგოგთა 50%-ზე მეტი ჰოლისტური განვითარების პედაგოგიკის ტრენინგ-მოდულით 2024 წლის ბოლომდე უნდა გადამზადდეს. 2024 წლის ბოლომდე უნდა გადამზადეს ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა 50%-ზე მეტი ინკლუზიის მიმართულებით დიფერენცირებული ტრენინგით.

ამავე სტრატეგიით, რომელიც მთავრობამ 2022 წლის ზაფხულში დაამტკიცა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განახლებული სახელმწიფო სტანდარტი 2022 წლის ბოლომდე უნდა შემუშავებულიყო, თუმცა არის თუ არა მზად აღნიშნული დოკუმენტი, უცნობია, რადგან ჯერ არ გასაჯაროებულა.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების გეგმა და ასევე ამ წლის ბოლომდე უნდა გადამზადდეს აღმზრდელ-პედაგოგთა 50%-ზე მეტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 36 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ბაზა უკვე შეიქმნა და რეგისტრაციის უფლება საბავშვო ბაღებს 2023 წლის 31 მარტამდე აქვთ. რეგისტრირებულმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა თვითშეფასება უნდა განახორციელონ და ანგარიშები წარმოადგინონ 2023 წლის ბოლომდე. ბაღების თვითშეფასებისთვის ქვეყნის ბიუჯეტში 850 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე იხილეთ:

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი