საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლებს მოამზადებენ და წაახალისებენ, - ამის შესახებ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ ნათქვამი, რომელიც ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა.
როგორც აღნიშნულ სტრატეგიაშია აღნიშნული, მთავრობის ამოცანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფაა.
მთავრობა მომდევნო წლებში მნიშვნელოვან რეფორმებს აანონსებს აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა ასევე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას.
„აღმზრდელ-პედაგოგები ასევე ჩაერთვებიან საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, ხელი შეეწყობა დაწესებულების დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ, იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა.
„დაიწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადება ბაკალავრიატის დონეზე. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა მოქმედი პერსონალის პროფესიული განვითარება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების თანახმად, დაეფუძნება პროფესიული განვითარების წინასწარ შემუშავებულ სქემას, რომელიც გაითვალისწინებს კომპეტენციებზე დაფუძნებული ანაზღაურების ზრდის სისტემას. კომპეტენციების შეფასება განხორციელდება რეგულარული მონიტორინგის საშუალებით“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
იხილეთ ასევე: