დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
16.12.2022

პარლამენტმა დღეს, 16 დეკემბერს, მესამე მოსმენით კენჭი უყარა და 82 ხმით ერთხმად მიიღო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია 3 თვით, 2023 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

ქვეყანაში არსებული საბავშო ბაღების რეგისტრაციის პროცესი  2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგ კერძო საბავშვო ბაღს რეგისტრაციის გავლა შეზღუდული ჰქონდა.

რეგისტრაციის შემდეგ, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცითაა დაგეგმილი. პირველ რიგში კი, დღის წესრიგში, საბავშვო ბაღებისა და აღსაზრდელების რაოდენობის დაზუსტებაა. როგორც ირკვევა, ამ დრომდე არ არსებობს ბაზა, სადაც კერძო ბაღების რაოდენობაა აღნუსხული.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ კომპონენტად განსაზღვრა... ყველა გოგოსა და ბიჭს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ხარისხიან ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე ისე, რომ ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისთვის.

„საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ცდილობს, ნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და უზრუნველყოს ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს. ქვეყანაში აღრიცხულია 1668 საჯარო საბავშო ბაღი, რომელიც 148 658 ბავშვს უწევს მომსახურებას. რაც შეეხება კერძო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებს, მათ სტატუსი არ გააჩნიათ და დარჩენილი არიან საგანმანათლებლო რეგულირების მიღმა.

„მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა დაეხმარება კერძო დაწესებულებებს ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფაში, რომელიც აღსაზრდელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზეა ორიენტირებული“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას ხელფასის ზრდა მოჰყვება

კერძო საბავშვო ბაღებს 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გაღება მოუწევთ - რა იწვევს ბაღის მფლობელთა პროტესტს

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი