საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 დეკემბერს, პირველი მოსმენით კენჭი უყარა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღების რეგისტრაცია 3 თვით გახანგრძლივდა.
პარლამენტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განმარტება გააკეთა ბაღების ავტორიზაციის პროექტთან დაკავშირებით.
„არ უნდა გავიგოთ ისე, რომ პროცესი ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას. ინფრასტრუქტურის მიღმა ჩვენ გვაინტერესებს მიდგომები, მეთოდიკა, მათ შორის სასწავლო პროგრამა, იგივე სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ბაღების სკოლებთან დაახლოებას და ა.შ. ძალიან ბევრი მეთოდური, პროგრამული და სხვა საკითხია გარდა ინფრასტრუქტურისა, რომელსაც ავტორიზაციის პროცესი შეეხება... აქ, პირველ რიგში, თავის თავს აფასებს დაწესებულება, თვითშეფასებას თავად ბაღები ახდენენ. შემდგომ ხდება ამის ანალიტიკური გადამუშავება და პრიორიტეტების მიხედვით დალაგება“, - განაცხადა ამილახვარმა, რომელსაც ჰკითხეს, ამ კანონპროექტის მიხედვით თუ განიხილება საკითხი, რომლითაც ბაღების აღმზრდელებს სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ.
განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ტესტების შემუშავება მიმდინარეობს.
„ჩვენ რომ აღმზრდელებს მივანიჭოთ აღმზრდელ-მასწავლებლის სტატუსი, ამისთვის გვჭირდება გარკვეული ბაზის შექმნა. პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, ის არის, რომ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში უკვე დანერგილია და მოქმედებს პირველად საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მოამზადებს აღმზრდელებს. პარალელურად, ბუნებრივია, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ტესტების შემუშავება, რომ მათი კვალიფიკაციის, სტანდარტების დადგენა მოხდეს. ეს პროცესი დაძრულია“, - თქვა ამილახვარმა.
კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღმზრდელებისთვის ოფიციალურად სტატუსის მინიჭების პროცესი ხანგრძლივი იქნება, თუმცა ბაზა უკვე მომზადებულია, ხარისხის სტანდარტების დადგენა მიმდინარეობს და შესაბამისი გამოცდების, საგამოცდო ტესტების თუ მეთოდოლოგიის შემუშავება ხდება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაადგენს მათ კვალიფიკაციას და მიანიჭებს იმ სტატუსს, რასაც ხელფასების ზრდაც მოჰყვება.
იხილეთ ასევე: