ავტორიზაციის პროცესამდე, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თითოეულ კერძო საბავშო ბაღს 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გაღება მოუწევს - ამის შესახებ skolamdelebi.ge-სთან კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა პავლე ქალიაშვილმა ისაუბრა.
განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა, 2022 წლის მიღწევებში, პირველ რიგში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით რეფორმის დაწყება დაასახელა. რეფორმა, როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დანერგვას და ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებას გულისხმობს.
საბავშვო ბაღების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყო და 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სკოლამდელი დაწესებულებების რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.
რეგისტრაციის გახანგრძლივების მიზეზად კი კერძო ბაღებისთვის შექმნილი პრობლემა დასახელდა, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებათა ნაწილი, რომლებიც ფიზიკური პირის საწარმოს სტატუსით არიან დაფუძნებული, ვერ რეგისტრირდებიან სისტემაში, რადგან არ აქვთ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსი და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.
იმ აზრს, რომ აუცილებელი და საჭიროა კერძო საბავშვო ბაღების რეგისტრაცია და ავტორიზაცია, იზიარებს პავლე ქალიაშვილი.
„საჭიროა ეს რეფორმა, რადგან აქამდე არ ვიცით ზუსტი რაოდენობა კერძო საბავშვო ბაღების, ისინი დარეგისტრირებულები იყვნენ, როგორც ბიზნესოპერატორები, შპს-ები. ზოგ შემთხვევაში მითითებული არსად იყო „საბავშო ბაღი“. აქედან გამომდინარე, ახლა, ყველა რომ გაივლის რეგისტრაციას აღნიშნულ პორტალზე, გვეცოდინება, რამდენი ბაღია საქართველოში. შემდეგ უკვე ბავშვების რაოდენობასაც აღვრიცხავთ“, - გვითხრა კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის დამფუძნებელმა.
პავლე ქალიაშვილი skolamdelebi.ge-სთან ამბობს, რომ მისი აზრით, კერძო ბაღების დაახლოებით 10% მომავალში მუშაობას შეწყვეტს. ამის ძირითადი მიზეზი კი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.
„ახალი სტანდარტებით, საგანგაშო არაფერია. თუ ვინმე ავტორიზაციას ვერ გაივლის, ეს იქნება ალბათ ბაღების რაოდენობის 10%. ზოგს არ უწყობს ხელს ინფრასტრუქტურა და შეიძლება ამიტომ ვერ გაიაროს. კერძო ბაღების დაახლოებით 80%-ს შენობა იჯარით აქვს აღებული. გამოცვლიან, გადავლენ სხვაგან. ასე რომ, არ მგონია, რამე სასწაული პრობლემა შეექმნათ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აქამდე ჰქონდათ კერძო ბაღებს, მთავრობასთან კომუნიკაციაა. ასევე ის, რომ ახლა ახალი მაკონტროლირებელი დაემატათ. აქამდე ორი ჰყავდათ - სურსათის ეროვნული სააგენტო და შრომის უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოა და კიდევ ერთი მაკონტროლებელის დამატება არავის აწყობს. სურსათის ეროვნულმა სააგენტოს შარშან დაამატა ჰასპის პროგრამა, რომელიც ბევრ ბაღს არ აქვს დანერგილი და მიდის კონსულტაციები, რომ ყველგან იყოს. პირველადი შემოწმების დროს მხოლოდ გაფრთხილებაა და მეორადი შემოწმების დროს უკვე საჯარიმო სანქციებია. ხარისხის მართვის სამსახური რომ შემოვა, სანამ ავტორიზაციას მისცემს ბაღს, მკაცრად მოითხოვს რომ ბაღს ჰასპის პროგრამა ჰქონდეს დანერგილი“, - გვითხრა ქალიაშვილმა.
კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციაში 172 სკოლამდელი დაწესებულებაა გაერთიანებული. პავლე ქალიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით ამდენივე აღურიცხავი ბაღია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბაზაში მხოლოდ 138 კერძო ბაღია აღრიცხული, რასაც ქალიაშვილი ასე ხსნის:
„სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, რადგან, როდესაც შპს რეგისტრირდება, რეგისტრაციას იუსტიციის სახლში აკეთებს ისე, როგორც რესტორანი კვების დამატებით ობიექტს. ჩვენ ხომ ვთავაზობთ ბავშვის მოვლა-პატრონობას, სწავლის პროცესის წარმოებას და პლუს კვებას. ბაღის, როგორც კვების ობიექტის რეგისტრაცია სურსათის სააგენტოს არ უჩანს და ამიტომაც არც ხვდებიან მათ ბაზაში“.
კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულმა რეფორმამ კერძო ბაღების მფლობელთა პროტესტი და აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ნაბიჯით მათ მაკონტროლებელი ორგანო ემატებათ, ფინანსური ხარჯების გაღებაც მოუწევთ.
„ინფრასტრუქტურის შეცვლა ყველას მოუწევს. თითოეულ კერძო საბავშო ბაღს 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გაღება მოუწევს. მაგალითად, სამსართულიან შენობაში მესამე სართულის გამოყენების უფლება აღარ ექნებათ, რადგან ამ სართულზე ბავშვები არ უნდა იყვნენ და მხოლოდ ადმინისტრაციული ნაწილი შეიძლება განთავსდეს. წარმოიდგინეთ, 3 სართულზე შეიძლება 100 ბავშვიც ჰყავდეთ და ერთ სართულს რომ მოაკლებ, 20-30 ბავშვი აკლდებათ, რაც შემოსავალზე მოქმედებს.
ძირითადი პრობლემა, რომელიც როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებს ეხება, ის არის, რომ ალბათ 90%-ს არ აქვს შესაბამისი გისოსები. უნდა იყოს ბაგირის, თოკისგან დაწნული გისოსები, რომელიც ბაღებს არ აქვთ, მე მხოლოდ საბურთალოზე, ერთ ბაღზე მაქვს შემჩნეული. ეს ევროკავშირის სტანდარტითაა გაწერილი ვერაფერს შევცვლით. რკინის გისოსები უნდა მოხსნან და თოკის გააკეთონ, რათა ვაიდა, ბაღის დაცლა გახდეს უცბად საჭირო, ადვილად რომ იჭრებოდეს.
როდესაც 50 ბავშვის მიღების საშუალება გაქვს და 70-ს მიიღებ, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, თუმცა ნებისმიერი ბიზნესოპერატორისთვის ეს მიმზიდველია, რადგან დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ. როდესაც ზედმეტი მაკონტროლებელი გყავს, მაგას ვეღარ გააკეთებ და ზუსტად ამიტომაც არის ატეხილი ეს აჟიოტაჟი, რომ ბაღების მეპატრონეებს არ უნდათ ეს რეფორმა“, - ამბობს ქალიაშვილი.
კითხვაზე, რამდენად ემუქრებათ კერძო საბავშვო ბაღებს დამოუკიდებლობის დაკარგვა ავტორიზაციის ჩარჩოებში მოქცევის შემდეგ, ქალიაშვილი ადასტურებს, რომ გარკვეულწილად ისინი ამჟამინდელ დამოუკიდებლობას ნამდვილად დაკარგავენ:
„დაკარგავენ, რადგან სასწავლო პროცესში როცა ხდება ჩარევა, დამოუკიდებლობა დაკარგულია. ახლა კონკრეტულ კერძო ბაღს აქვს თავისი წლიური გეგმა. იმ წლიურ გეგმაში რა უწერია, იმაზე წარმოდგენა არავის აქვს. განათლების ხარისხის მართვის სამსახური კონკრეტული ბაღის გაწერილ გეგმას გადაიკითხავს და მოხდება იმის შეფასება, რამდენად შეასრულა ბაღმა, როგორ და რა მოახერხა და ა.შ.
ჯერჯერობით კერძო საბავშვო ბაღებს ექნებათ უფლება, თვითონ აირჩიონ სახელმძღვანელოები და იმით იმოქმედონ. სამომავლოდ, სავარაუდოდ, ამასაც შეცვლიან და ყველას ერთ სისტემაში მოაქცევენ - კერძოსაც და საჯაროსაც, თუმცა ჯერ ავტორიზაციას ჩვეულებრივად გაივლიან“.
იხილეთ ასევე:
ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა