დღის თემა
etaloni.ge
„კერძო ბაღები უნდა გადაკეთდნენ“ - მიზეზი, რის გამოც საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა
13.12.2022

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაციის გზით - ამ მიზნით ქვეყანაში არსებული საბავშო ბაღების რეგისტრაციის პროცესი  2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო.

12 დეკემბერს კი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციის ვადა გაიზარდება და საბავშვო ბაღებს შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ ბაღების ნაწილი ფუნქციონირებს როგორც ფიზიკური პირის საწარმო და, შესაბამისად, აღნიშნული ბაღები ვერ გადიან რეგისტრაციას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რადგან მათ არ აქვთ იურიდიული პირის სტატუსი და საიდენტიფიკაციო ნომერი და  მიბმულნი არიან პირად ნომერზე.

​კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობა კომიტეტის სხდომაზე ასე განმარტა:

„ე.წ. კერძო ბაღების უმრავლესობა, როგორც აღმოჩნდა, არის ინდივიდუალური მეწარმის სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირებული, რაც ბუნებრივიც არის სხვადასხვა სიმარტივის თვალსაზრისით. შესაბამისად, კანონში მოთხოვნილი იყო, რომ ბაღი აუცილებლად  უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული. ამან გამოიწვია ის, რომ ინდივიდუალური მეწარმეები პრაქტიკულად ვერ ახდენდნენ ამ ბაზაში რეგისტრაციას და რჩებოდნენ პროცესის მიღმა... ერთის მხრივ, მეწარმეებს ვაძლევთ უფლებას, ამ ბაზაში დარეგისტრირდნენ და მეორეს მხრივ, ვახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას სამი თვით ანუ 2023 წლის 31 მარტამდე... 2023 წლის ბოლომდე ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ჩამოაყალიბონ კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასე ვთქვათ, გადაკეთდნენ და მოვიდნენ კანონთან თანხვედრაში და ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც კანონით და ეტაპებით გაწერილია“.

ქვეყნის მასშტაბით სულ 1 668 საჯარო საბავშო ბაღია, თუმცა როგორც როგორც განათლების სისტემის მესვეურები აღნიშნავენ, უცნობია, რამდენი კერძო სკოლსმდელი განათლებისა და აღზრდის დაწესებულება არსებობს და როგორ ფუნქციონირებს.

როგორც აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მათ ბაზაში მოქმედი 138 კერძო ბაღიდან 44 ბაღი (32%) დაფუძნებულია ფიზიკური პირის საწარმოს ფორმით.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების  განმახორციელებელ პირებს შეეძლებათ 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნონ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას კერძო ბაღებისთვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს კერძო ბაღების განვითარებისთვის არის აუცილებელი, რაც საჯარო სექტორსაც დაეხმარება.

„ავტორიზაცია არ ნიშნავს ვინმეს ან შემოწმებას ან დახურვას თუ ლიკვიდაციას, პროცესი მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ არის მიმართული, რომ სწავლის ხარისხი, ინფრასტრუქტურული ხარისხი, კვების ხარისხი და ა.შ. გაუმჯობესდეს, პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს და შემდგომ მათზე იყოს შესაბამისი სამუშაოები გაწერილი...  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კერძო ბაღების განვითარება, რომ მოხდეს ამ სეგმენტის გადანაწილება და არ იყოს დაწოლა მხოლოდ საჯარო ბაღებზე“, - ამბობს გიორგი ამილახვარი.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით ერთხმად უყარეს კენჭი. ამილახვარის განცხადებით, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა კომიტეტში უახლოეს დღეებში გაიმართება.

იხილეთ ასევე:

31 დეკემბერს ცნობილი გახდება იმ საბავშვო ბაღების სია, რომლებიც 2023 წელს იმუშავებენ - რა ელით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებს

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი