დღის თემა
etaloni.ge
31 დეკემბერს ცნობილი გახდება იმ საბავშვო ბაღების სია, რომლებიც 2023 წელს იმუშავებენ - რა ელით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებს
30.11.2022

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მხოლოდ დროებით მასპინძლობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესს და როგორც კი პირველადი ავტორიზაცია დასრულდება, 2030 წლიდან, ამ საკითხს მუნიციპალიტეტები გადაიბარებენ, რადგან საბავშვო ბაღები თემისა და მუნიციპალიტეტების საკუთრებაა, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, „რადიო იმედის“ ეთერში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახაბერ ერაძე აღნიშნავს, ბაღების რეგისტრაცია მათი ხარისხის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო, რაც ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სკოლების, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების რეესტრი, მაგრამ არ არსებობს საბავშვო ბაღების.  

ავტორიზაცია აუცილებელია არამხოლოდ მუნიციპალური, არამედ კერძო ბაღებისთვისაც. ერაძის უწყებამ იცის, რამდენია ქვეყანაში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ბაღების რაოდენობა, იცის ისიც, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ბაღია, მაგრამ ბაზარზე ფუნქციონირებს უამრავი კერძო ბაღი და როცა საუბარია სისტემურ, ერთიან მიდგომასა და ხარისხზე, მოთხოვნა ორივე შემთხვევაში ერთნაირი უნდა იყოს.

საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროცესი მარტივია - მოქმედი ბაღი შედის სპეციალურ პორტალზე და გადის რეგისტრაციას.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგმა რეგისტრაცია არ გაიაროს სხვადასხვა მიზეზების გამო. ან არ სურდეს უკვე ამ ბაზარზე ფუნქციონირება, თუმცა, დღეის მდგომარობით, 1731 ბაღია უკვე რეგისტრირებული -  კერძოც და საჯაროც, მათ შორის, 61 მუნიციპალიტეტი მთლიანად დაფარულია, 4 მუნიციპალიტეტში დარჩა რამდენიმე ბაღი და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ასე ვთქვათ, სრულფასოვანი რეესტრი იმ ბაღებისა, რომლებიც ამ ბაზარზე, ამ სერვისის მიმწოდებლებად აპირებენ დარჩენას და ფუნქციონირების გაგრძელებას“, - ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

თუ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამ წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ გაივლის რეგისტრაციას და მაინც სურს 2023 წლის 1 იანვრიდან განაგრძოს საქმიანობა, პირდაპირ უნდა მოიპოვოს ავტორიზაცია. სხვა ბაღების ავტორიზაციის პროცესი კი 2030 წლამდე გაგრძელდება.

ერაძე აღნიშნავს, რომ ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის შეიქმნა მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომლებიც კონსულტაციას უწევენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

„ჩვენ შევქმენით სამსახური, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ამ საკითხებს, რეგისტრაციის პროცესს. გვაქვს სრული მხარდაჭერის სერვისები... საინტერესო პროცესი წინ გვაქვს - მხარდაჭერის უპრეცენდენტო მასშტაბები გაიშლება მომავალი წლიდან... ავტორიზაცია მომავალ წელს არ დაიწყება. მომავალ წელს დაიწყება მხარდაჭერის პროცესი მხოლოდ იმ ბაღებისთვის, რომლებიც რეესტრში იქნებიან. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, გაიარონ რეგისტრაცია, მოხვდნენ რეესტრში, რათა მიიღონ მხარდაჭერა სრულიად უფასოდ, ამას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, რათა განვითარდნენ და თავიანთი შესაბამისობა უზრუნველყონ იმ ეროვნულ სტანდარტებთან მიმართებაში, რასაც ხარისხის სტანდარტები ჰქვია და ეს პროცესი  გაგრძელდება მინიმუმ 2 წლის განმავლობაში“, - ამბობს კახაბერ ერაძე.

2024 წელს კი ყველა რეგისტრირებული ბაღის ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესი უნდა დაიწყოს. ყველა ბაღი საკუთარ თავს ახალ სტანდარტებთან მიმართებით შეაფასებს. ის ბაღები, რომლებსაც ექნებათ სტანდარტებთან მაღალი შესაბამისობა, ავტორიზაციას უკვე გაივლიან 2025 წლიდან, უფრო ნაკლები შესაბამისობის ბაღები - 2026, 2027, 2028 და 2029 წელს.

„ასე რომ, არავის უნდა შეეშინდეს, თუნდაც მათ ჰქონდეთ დიდი მასშტაბების შეუსაბამობა. მას მოყვება მხარდაჭერის ღონისძიებები და თითქმის 8 წელი გვაქვს იმისთვის, რომ ბაღებს დავეხმაროთ, სანამ ისინი ავტორიზაციის ფორმალურ პროცესს შეუდგებიან“, - თქვა ერაძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ის სტანდარტი, რომლითაც საბავშვო ბაღები შეფასდებიან, არც თავიანთი ინიციატივით ჩამოუწერიათ, არც უცხოელებისთვის მიუბაძავთ და ისინი საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე დაიწერა. ერაძემ ოთხი სტანდარტიც  ჩამოთვალა:

პირველი სტანდარტია ბაღის მისია და მისი განვითარება - როგორ ხედავს ბაღი საკუთარ თავს თემში, რამდენად ხედავს და იაზრებს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სენსიტიურობას საკითხისას - პატარების უსაფრთხოებას,  კვებას, აღზრდა-განათლებას და იმას, რომ საბავშვო ბაღი არ არის მხოლოდ ბავშვის დროებითი დატოვების ადგილი, არამედ იქ ბავშვი იზრდება და ემზადება სასკოლო განათლებისთვის.

მეორე სტანდარტი მოიცავს კონტენტსა და შინაარსს - რას ვასწავლით, როგორ, რა მეთოდოლოგიით. აქ ძირითადად თამაშით სწავლებაზეა საუბარი. წინასასკოლო პროგრამაც არსებობს, სადაც უფრო მეტად შედის სასკოლო ელემენტები.

მესამე სტანდარტი მოიცავს ოჯახისა და თემის ჩართულობას, რის გარეშეც, გამორიცხულია, ბაღი არსებობდეს და თუ ოჯახისა და თემის ცხოვრება მნიშნელოვნად განსხვავდება იმისგან, რა სულიც ბაღში ტრიალებს, თემისთვის მიუღებელი იქნება ასეთი ბაღი.

მეოთხეა ინფრასტრუქტურული სტანდარტი - ვინ ასწავლის, ვინ ზრუნავს ბავშვებზე, მატერიალური რესურსი, კვების ორგანიზება, რომელიც განსაკუთრებული თავისებურებაა, კვება, სანიტარია, ჰიგიენა, უსაფრთხოება...

კახაბერ ერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ავტორიზაციის დროს ყურადღება მიექცევა ბაღის ჯგუფებში ბავშვებისა და აღმზრდელების რაოდენობის თანაფარდობას, რომელსაც აქამდე მომკითხავი არ ჰყავდა და დღეის მდგომარეობით კანონი ყოველდღიურად ირღვევა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორია მოადგილის თქმით, გარე შემფასებელი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. მათი დაკვირვებით კი გამოიკვეთა რამდენიმე კატეგორია:

„ერთნი ამბობენ, კანონის მოთხოვნაა და ამიტომ შემოვდივარ, სხვა რა გზა მაქვსო. მეორენი ამას ხედავენ, როგორც ჯანსაღ და განვითარების მხარდამჭერ პროცესს. მესამე - გვაქვს ბაღები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ შემოვიდნენ რეესტრში და პირდაპირ გაიარონ ავტორიზაცია მომავალ წელს, რადგან მათ უნდათ, გახდნენ პირველი ავტორიზებული ბაღები ქვეყანაში, ამით იამაყონ და მათი ბიზნესი ამით უფრო პოპულარული გახადონ“.

იხილეთ ასევე:

რომელ საბავშო ბაღებს ექნებათ მუშაობის უფლება 2023 წლიდან

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

საბავშვო ბაღების თვითშეფასება 600 000 ლარი დაჯდება

ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი