განათლების სპეციალისტი, ნანა ტოხვაძე ხელისუფლებას ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და მათი ანაზღაურება გაუთანაბრდა „საქსტატის“ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს - 253 ლარს.
„საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ჯერ კიდევ 2020 წლის ტყუილი დაპირება არ ჰქონდათ დავიწყებული, როცა მორიგი საზეიმო დაპირება მიიღეს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს მთავრობის გარეკლამებული განცხადებებით შეიტყვეს, რომ 2023 წლიდან 100 ლარით მოემატებოდათ ხელფასები. რა მოხდა რეალურად? მარტივად, ხელისუფლებამ მორიგი იმედგაცრუებისთვის გაიმეტა ეს ადამიანები და დაპირებული 100-ლარიანი მატების ნაცვლად, 25 ან, უკეთეს შემთხვევაში, 35-ლარიანი ზრდა აესახათ. 10-15%-იან სახელფასო ზრდა დააჯერეს აღმზრდელის თანაშემწეებს, რომელთა ხელზე ასაღები ხელფასი 290 ლარს შეადგენდა. გასული წლის ბიუჯეტით დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარს, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის, რომელიც საათნახევრით ნაკლებ დროს ატარებს ბაღში, 230 ლარს შეადგენდა. დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, დღეს მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და თანხა გაუთანაბრდა საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 253 ლარს. ამას სახელმწიფო ხელფასს არქმევს და ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ დასცინის კიდეც! ისმის ლოგიკური კითხვა, ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100 ლარის ნაცვლად დაპირებული 100-ლარიანი ნამატი ხელფასი?!“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
განათლების სპეციალისტს ბრიტანეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მასწავლებლები პრეტენზიულები არიან, რასაც შედეგიც მოაქვს.
„რატომ ვერ მივდივართ წინ? საბავშვო ბაღების პერსონალს 100 ლარიან მატებას რომ დაპირდნენ 2023 წლიდან და 25 ლარი ან, უკეთეს შემთხვევაში, 35 ლარი წაუმატეს 230 ლარიან „ხელფასზე“, მაგრამ არ გაფიცულან. აი, ბრიტანელი მასწავლებლები ნამეტანი პრეტენზიულები აღმოჩნდნენ და გუშინდელის მერე ქუჩაში დგანან - ინფლაციის გამო ხელფასები არ გვყოფნისო! ისე, საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ და არ შეშინებიათ სამსახურიდან გამოყრის“, - დაწერა ნანა ტოხვაძემ სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე:
„შარშანაც 100 ლარს შეგვპირდნენ და საბოლოოდ, 32 ლარი მომემატა“ - ბაღის აღმზრდელი ხელფასების ზრდაზე