დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების პერსონალისთვის დაპირებული 100-ლარიანი მატება და რეალობა - რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ლარით გაიზარდა ხელფასი
28.01.2023

საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი 100 ლარით გაიზრდება - ეს განცხადება 2022 წლის მიწურულს, ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთდა. დაანონსდა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან სკოლამდელი დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელი 100 ლარით მეტ ანაზღაურებას აიღებდა.

საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების ოდენობას  მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ. შესაბამისად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მათი ანაზღაურება ერთსა და იმავე პოზიციაზე, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

skolamdelebi.ge შეეცადა, მოეპოვებინა ინფორმაცია, რომელ მუნიციპალიტეტში აქვთ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ანაზღაურება და სად როგორ გაიზარდა ხელფასები.

როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქი ერთ-ერთია, სადაც 2023 წლისთვის ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ყველაზე ნაკლები მატება დაფიქსირდა.

თბილისში ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. ვინაიდან, 1 000 ლარიანი ხელფასი ფაქტობრივად არცერთ თანამშრომელს აქვს, 100 ლარი არავის დამატებია. „ჩემს ხელფასს დაემატა 48 ლარი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - მოგვწერა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

თელავის საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 100 ლარით მოემატა, ნაწილს - 50-ით. ხელზე კი 80 და 40 ლარით მეტი აიღეს.  „მქონდა 475 ლარი და ახლა 555 ავიღე“, - მოგვწერა თელავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა. კიდევ ერთმა, თელავის საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელმა კი გვითხრა, რომ 40 ლარი მოემატა: „მქონდა 243 და გამიხდა 283“.

როგორც ჩხოროწყუდან შეგვატყობინეს, იქაური საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების 100 ლარიანი ზრდა მოხდა. ხელზე კი 80 ლარით მეტი აიღეს“ „მედდა ვარ. მქონდა 270 ლარი და ავიღე 350 ლარი“.

მცხეთაში ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ასევე 80 ლარით გაიზარდა. „მე პირველი ცვლის აღმზრდელი ვარ. 520 ლარი მქონდა აქამდე და ჩამერიცხა 600 ლარი“, - გვწერენ მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, სადაც მეორე ცვლის აღმზრდელებს ხელზე ასაღები თანხა 40 ლარით გაეზარდათ: „მნის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და ხელფასი მაქვს 245 ლარი. მხოლოდ 40 ლარი მომემატა“.

კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 10%-ით გაიზარდა. „აღმზრდელი ვარ. 10%-ით მოგვემატა. მთლიან განაკვეთზე 487 ლარს ვიღებდი და 541 ლარი ჩამერიცხა“, - გვითხრა მცხეთელმა აღმზრდელმა.

ქუთაისის, ცაგერის, ჩოხატაურისა და ადიგენის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. ხელზე ასაღები თანხა კი აქაც 80 ლარია.

ჭიათურის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი ასევე 80 ლარით გაეზარდათ. „9 საათიდან 4 საათამდე ვმუშაობ. მქონდა 452 ლარი, მომატებული კი ავიღე 532 ლარი - 80 ლარი მოგვემატა, 20% დაიქვითა“, - გვითხრა აღმზრდელმა ჭიათურიდან. „100 ლარით მოგვემატა ხელფასი. საერთო ჯამში ავიღე 656 ლარი“, - გვწერს კიდევ ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჭიათურიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაღის აღმზრდელის ხელზე ასაღები ხელფასი 470 ლარი იყო, 2023 წლის იანვრიდან კი 78 ლარით მეტი, 548 ლარი გახდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს ხელფასი 80 ლარით გაეზარდა. „დევნილთა ბაღში ვმუშაობ სრულ განაკვეთზე. ჩემი ხელფასი იყო 350 ლარი და ახლა 430 ლარი ავიღე. ჩვენთან ყველას ერთნაირად დაგვიმატეს სრულ თუ არასრულ განაკვეთზე მყოფ აღმზრდელს, მზარეულსაც და დამლაგებელსაც“, - გვწერენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტშიც ხელფასის ასევე 80 ლარიანი მატებაა: „ვმუშაობ მუსიკის მასწავლებლად, მესამედ განაკვეთზე. მქონდა 314 ლარი და დამემატა 80 ლარი“.

78 ლარით მეტი აიღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა: „მქონდა 449 და გამიხდა 527“.

ზესტაფონის საბავშვო ბაღიდან მრეცხავი გამოგვეხმაურა, რომელიც გვწერს: „მქონდა 170 ლარი და გამიხდა 208 ლარი. 21%-ით მოგვიმატეს ხელფასები“. აღმზრდელი კი გვატყობინებს: „მეორე ცვლას მოგვემატა 39 ლარი. ვიღებ 263 ლარს".

სენაკის მუნიციპალიტეტიდან გვაცნობეს, რომ ნახევარ განაკვეთზე მყოფ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს 37 ლარი მოემატათ.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებს სხვადასხვა თანხა მოემატათ: „ძიძებმა აიღეს 432 ლარი - 80 ლარი მოემატათ, პირველი ცვლის აღმზრდელებსაც - 80, მეორე ცვლას კი  40 ლარი მოემატა. 440 ლარი მქონდა ხელფასი და 520 გამიხდა“.

ხონის მუნიციპალიტეტში მეორე ცვლის აღმზრდელებს 39 ლარი დაემატათ: „272 ლარი იყო ჩვენთან მეორე ცვლის აღმზრდელის ხელფასი და 39 ლარი დაემატა, პირველ ცვლას - 80“.

ხობიდან აღმზრდელი გვწერს: „გვქონდა 210 ლარი და 250 ლარი გამიხდა. 40 ლარი მომიმატეს. არადა მეგონა, 100 ლარს მომიმატებდნენ“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებს სხვადასხვა თანხა მოემატათ: „მეორე ცვლაში აღმზრდელის ხელფასი 68 ლარით გაიზარდა. 228 ლარს ვიღებდი და ახლა ავიღე 296 ლარი. სხვებს 100 ლარი და მეტიც მოემატა. მეორე ცვლას სამარცხვინოდ ცოტა მოგვიმატეს“.

გურჯაანიდან საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელი კი გვატყობინებს, რომ 138 ლარიანი ხელფასი ახლა 158 ლარი გაუხდა.

რუსთავში მდებარე საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს ხელფასი 10%-ით მოემატა: „აღმზრდელი ვარ. 600 მქონდა და დაემატა 60 ლარი“.

ასპინძიდან  აღმზრდელის თანაშემწე გვწერს, რომ მისი ხელფასი თითქმის 100 ლარით გაიზარდა: „ 270 ლარს ვიღებდი ხელზე. ახლა კი 367 ლარი ჩამერიცხა“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელები  გვატყობინებენ, რომ სრული 100 ლარი დაემატათ. „მეორე აღმზრდელებს რომ ეძახიან. მაგ პოზიციაზე 578 ლარი მქონდა და გამიხდა 678 ლარი“, - მოგვწერეს სართიჭალიდან. კიდევ ერთი გარდაბნელი აღმზრდელი კი გვატყობინებს, რომ 2023 წლის იანვრის თვიდან ხელზე ასაღები თანხა სრული 100 ლარით გაეზარდა და ახლა მისი ხელფასი 717 ლარია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხელზე ასაღები თანხა ასევე 80 ლარით გაიზარდა: „აღმზრდელის თანაშემწე ვარ. 80 ლარი დამემატა და 615 ლარი ავიღე“.

მესტიაში მთლიან განაკვეთზე მყოფმა თანამშრომლებმა 80 ლარით მეტი თანხა აიღეს, ნახევარზე კი - 40-ით.

დუშეთის მუნიციპალიტეტშიც 80 და 40 ლარით მეტი თანხა აიღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებმა: „ვიღებდი 480-ს და იანვარში ავიღე 560 ლარი. დილის ცვლის აღმზრდელი ვარ. დარაჯებს 40 ლარი მოემატათ, დირექტორს - 80, მეორე ცვლის აღმზრდელსაც 40, მუსიკის მასწავლებელს - 80, ფსიქოლოგიც ნახევარ  განაკვეთზე მუშაობს და მასაც ალბათ 40 ლარი მოემატებოდა“.

თვითმმართველ ქალაქ ფოთში საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს ერთნაირად, 100 ლარი მოუმატეს, ხელზე კი 80 ლარი ჩაურიცხეს: „ფოთში 80 ლარი მოგვემატა ყველას - პირველ და მეორე ცვლის აღმზრდელებს, ძიძებს... მეორე ცვლის აღმზრდელს ჰქონდა 360 ლარი და გაუხდა 440, პირველი ცვლის აღმზრდელს 490 ლარი ჰქონდა და გაუხდა 570“.

როგორც ლანჩხუთელი საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე გვიმხელს, მისი ხელფასი 77 ლარით გაიზარდა და ახლა 390 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს. მისი ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილს ბევრად ნაკლები თანხა მოემატა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი ასე შემოგვჩივის: „38 ლარი დამემატა. ყველას 78 ლარი დაემატა - მეეზოვეს, მრეცხავს, ყველას. მეორე ცვლის აღმზრდელებს კი  38 ლარი. 261 ლარი ავიღე იანვრის ნამატით. არასწორია ასეთი დაყოფა!“

80 და 40 ლარი - ასე მოემატათ მთლიან და ნახევარ განაკვეთებზე მყოფ ზუგდიდის,  ოზურგეთის, საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების  თანამშრომლებსაც.

როგორც skolamdelebi.ge-მ საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან საუბრისას გაარკვია, ყველაზე დიდი სახელფასო მატება დმანისსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

„140 ლარი მოგვემატა ყველა თანამშრომელს. 655 ლარს ვიღებდი და ახლა ჩემი ხელფასი 795 ლარია. დამლაგებელს, მზარეულს და სხვას ყველას ერთნაირად მოუმატეს ხელფასი“, - გვითხრა საბავშვო ბაღი აღმზრდელმა დმანისის მუნიციპალიტეტიდან.

„150 ლარით მეტი ავიღე იანვარში ხელფასი. 450 მქონდა და 600 გამიხდა. აღმზრდელის თანაშემწესაც ასე მოემატა და სხვებსაც, დამლაგებელს - 100ლარი“, - გვითხრა ბაღის აღმზრდელმა ხელვაჩაურიდან.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი არ მომატებიათ დედოფლისწყაროსა და წალენჯიხაში.

დედოფლისწყაროდან გვწერენ, რომ არც შარშან მომატებიათ დაპირებული ხელფასის 10% და არც ახლა. აღმზრდელის ხელზე ასაღები ხელფასი კი დღეისთვის 395 ლარს შეადგენს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან კი გვატყობინებენ: „მზარეულის თანაშემწე ვარ. 375 ლარი მაქვს ხელფასი. გამგეს აქვს 460 ლარი, აღმზრდელებს 410 და სხვა ყველას 375 ლარი გვაქვს. ყველას მოემატა ხელფასი ჩვენი მუნიციპალიტეტის გარდა. ერთი თეთრიც არ მოგვმატებია არცერთ თანამშრომელს“.

ინფორმაცია განახლებადია.

იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა

„შარშანაც 100 ლარს შეგვპირდნენ და საბოლოოდ, 32 ლარი მომემატა“ - ბაღის აღმზრდელი ხელფასების ზრდაზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი