დღის თემა
etaloni.ge
„საქართველოს სკოლამდელი დაწესებულების ბევრ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი აკადემიური გამოცდილება“, - ღასან ხალილი საბავშვო ბაღებზე
13.01.2023

„ადრეულ განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისთვის. გარდა იმისა, რომ ამზადებს ბავშვებს დაწყებითი განათლებისთვის, კარგი ხარისხის სკოლამდელი დაწესებულება ეხმარება ბავშვებს სოციალურ ურთიერთობებში გარკვევაში და სამყაროში თავიანთი ადგილის პოვნაში. სწორი რესურსებით – ადამიანური და ფინანსური – კარგი სკოლამდელი დაწესებულება აუმჯობესებს სასკოლო მზაობას და ამით ზრდის ბავშვის შანსებს, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი. ადრეულ განათლებაში ინვესტიცია აძლიერებს მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სწავლასა და დაცვას, მაგრამ სარგებელი სცილდება ცალკეულ ბავშვს და მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებას და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოქალაქისთვის“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატისთვის მიცემულ ინტერვიუში.

UNICEF-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ამ კუთხით არაერთი გამოწვევა აქვს – მათ შორის, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სოციალურად დაუცველ ბავშვებში, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების სიმცირე, რომლებიც მომზადებულნი არიან თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებში და ინვესტიციების სიმწირე სკოლამდელ განათლებაში.

ღასან ხალილი აღნიშნავს, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და მზრუნველობის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა და მოიცავს ახლებურ მიდგომებს ადრეული ასაკის ბავშვების განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სავალდებულო ეროვნული სტანდარტების დანერგვაა ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებისთვის, როგორიცაა მასწავლებლის კვალიფიკაციის, სასწავლო პროცესის, სანიტარული პირობების, ჰიგიენისა და კვების სტანდარტები. ავტორიზაციის მისაღებად კი ყველა საბავშვო ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ახალ სავალდებულო სტანდარტებს.

„გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მოდულების, გზამკვლევების და ვიზუალური რესურსების შემუშავებაში, რათა დაეხმაროს სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებს ამ სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებაში. სკოლამდელი დაწესებულების ბევრ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი აკადემიური გამოცდილება, ან შესაძლოა განათლება მიიღო მრავალი წლის წინ, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და განვითარების მიდგომები ძალიან განსხვავებული იყო. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ დაეუფლონ უახლეს მეთოდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ბავშვზე მეგობრულ, თამაშზე ორიენტირებულ და კულტურულად სენსიტიური რეაგირების ტექნიკას. გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე გააძლიერა პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტებთან საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, რათა უკეთ მოამზადოს და აღჭურვოს მომავალი სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები და მენეჯერები.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, მათ გასაძლიერებლად რომ შეძლონ ახალი სტანდარტების განხორციელება, ალტერნატიული მოდელების შექმნა, რათა მომსახურება უკეთ მიწვდეს თითოეულ ბავშვს, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალმა გაიაროს გადამზადება და მუდმივი პროფესიული განვითარება“, - ამბობს ღასან ხალილი.

იხილეთ ასევე:

„ვინც ახლა საბავშვო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი

საბავშვო ბაღების პედაგოგების მიმართ არაადექვატური მოთხოვნებია, დირექტორებს კი ბაღის მართვის უფლება არ აქვთ - ექსპერტის მოსაზრება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი