„დირექტორებს, რომლებიც ბაღებს მართავენ, არ აქვთ სრულფასოვანი უფლებები ბაღის მართვისა“, - თქვა ადრეული განათლების ექსპერტმა თამარ ბაქრაძემ ერთ-ერთ ვებინარზე, რომელიც საბავშვო ბაღების მართვას ეძღვნებოდა. აღნიშნული ვებინარი სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერის მიზნით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ინიციატივით გაიმართა.
„ბაღის დირექტორი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს ბაღის ელემენტარულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, იქნება ეს თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება თუ... როგორც ვიცი, ბევრ შემთხვევაში, ზოგან ბავშვების ჩარიცხვა-გარიცხვასაც კი ბაღების გაერთიანებები, სააგენტოები ამტკიცებენ“, - თქვა თამარ ბაქრაძემ, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ბაღის დირექტორებს უწევთ, ამ სააგენტოებთან შეათანხმონ, რა სახის საშტატო ერთეულები სჭირდებათ, რა საჭიროებები აქვს ბაღს - მატერიალური იქნება ეს თუ ტექნიკური და ა.შ.
„ყველაფერ ამაზე არც ბაღი და არც ბაღის მენეჯერი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ზემდგომი ორგანოები, როგორიც არის ბაღების მართვის სააგენტოები ან გაერთიანებები. ეს ძლიერად ართულებს იმ პროცესს, რასაც ბაღის დამოუკიდებელი მართვა ჰქვია. ბაღის მენეჯერებს კი უწევთ იყვნენ შუამავლები ბაღის თანამშრომლებს, მშობლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. მათი ძირითადი მოვალეობაც სწორედ ეს არის. ამით გამოიხატება მათი მუშაობის არსიც, თუ რამდენად კარგად ახერხებენ ამ კომუნიკაციას... კანონით, მათ აქვთ თავისუფლება, მაგრამ ამის რეალურად განხორციელებას ვერ ახერხებენ, რადგან სიტუაციურად შეზღუდულები არიან გადაწყვეტილებების მიღებაში. თუ მე საჭიროებების მიხედვით ვერ ვსაზღვრავ, რა მჭირდება, როგორ მჭირდება, ან რა საშტატო განრიგი და როგორი თანამშრომელი, მაშინ საერთოდ რა ხედვაზეა საუბარი, ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ და...“, - ყვება ადრეული განათლების ექსპერტი.
თამარ ბაქრაძის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მარტივია - ინიციატივების გამოჩენა, მაგრამ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სწორედ ამ ინიციატივების ეშინიათ:
„თითქოს ეშინიათ ადამიანებს... როგორც ჩანს, ამ ადამიანების დემოტივირება ხდება ბევრ სიტუაციებში და შემდეგ უკვე მათი მხრიდან ინიციატივაც ნაკლებად მოდის, აღარ აქვთ ადამიანებს სურვილი, რომ ინიციატივა გამოიჩინონ. ვფიქრობ, ეს ხდება იმიტომ, რომ ბევრჯერ გაუცრუვდათ იმედები... წახალისებაც ნაკლებად ხდება მათი ინიციატივების და ამ ინიციატივების გამოჩენის ეშინიათ“.
ვებინარზე, რომელსაც ასევე ადრეული განათლების ექსპერტი ოლღა მუსხელიშვილი უძღვებოდა, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა პრობლემებზეც ისაუბრეს. ითქვა, რომ პედაგოგების მიმართ არაადეკვატური და შეუსაბამო მოთხოვნებია. არაადეკვატურია, მაგალითად, გეგმის ფორმის მოთხოვნა, რომლითაც მოწმდება ბაღის მასწავლებლების მუშაობის ხარისხი.
„ეს გეგმა რეალურად ვერანაირად ვერ ასახავს ბაღში მიმდინარე პროცესს. არ შეიძლება, მასწავლებლის გეგმა იყოს გამოყენებული, როგორც მათი შეფასების ინსტრუმენტი. ამ გეგმის წერაში, რომელსაც ვერ ასრულებენ და ფორმალურია - გადაწერა ხდება, აქტივობების გაწერა საათობრივად, წუთობრივად დღეში... ეს მხოლოდ იმისათვის, რომ როდესაც ვიღაც მოვა შემოწმებაზე, მას ვაჩვენო, რომ აი, მე გეგმა მაქვს იდეალურად დაწერილი, მაგრამ ამ დროს პროცესი აბსოლუტურად არ იყოს ბავშვზე ორიენტირებული და საერთოდ, ეს გეგმა არ ითვალისწინებდეს ბავშვების არც საჭიროებებს და არც ინტერესებს... გადაწვის პირას არის ყველა აღმზრდელი, ვისაც შევხვედრილვარ... მმართველის ფუნქცია კი ის არის, რომ ელემენტარული პირობები შეუქმნან ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ“, - აღნიშნავს თამარ ბაქრაძე.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში აღარ ექნება საბავშვო ბაღს საქმიანობის უფლება - პრეზიდენტის ბრძანება