დღის თემა
etaloni.ge
„ვინც ახლა საბავშვო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი
17.11.2022

თუ ბაღში კვალიფიციური პედაგოგია, ბავშვებს აქვთ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, - ამის შესახებ სატელევიზიო ეთერში ადრეული განათლების ექსპერტმა, ოლღა მუსხელიშვილმა განაცხადა, სადაც საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობაზე საუბრობდნენ.  

„რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია, რომ ჰქონდეს ბაღს, მაგრამ არა - აუცილებელი. პატარა ბაღში, პატარა ეზოში... საბურავებზე რომ გადადიოდნენ ბავშვები, ეს გაცილებით განმავითარებელი აქტივობაა, ვიდრე ძვირადღირებული სასრიალოდან ჩამოსრიალება, რომელიც იქ ბავშვებს არ ჰქონდათ“, - ამბობს ოლღა მუსხელიშვილი.

განათლების ექსპერტის განმარტებით, სოფელში, სადაც მაგალითად, სულ 15-იოდე ბავშვი ცხოვრობს, იქ ახალ საბავშვო ბაღს არავინ ააშენებს, რადგან არავინ იცის, 15 ბავშვი მომავალ წელსაც იქნება თუ არა. ამიტომაც, მისი აზრით, ბავშვებს რომ ხელი მიუწვდებოდეთ სკოლამდელ განათლებაზე, უმჯობესია, ბაღი ფუნქციონირებდეს თუნდაც პატარა სახლში, რომელსაც ექნება პატარა ეზო, თუმცა გარკვეული სტანდარტების შესაბამისი მოწყობით.

ადრეული განათლების სპეციალისტის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებზე თბილისშიც არ არის ხელმისაწვდომობა.

„თბილისში ათასობით ბავშვი დგას რიგში. ვინც არ დგას და უკვე მიიღეს ბაღში... კანონში გვიწერია, რომ ბაღის ჯგუფში არ შეიძლება იყოს 30 ბავშვზე მეტი, ბაგაში - 25-ზე. თბილისის ბაღებში ზოგჯერ 40-ზე მეტი ბავშვია... 2020 წლიდან მოქმედებს კანონი. კანონი დარღვეული და უგულვებელყოფილია. როდესაც ეკითხები, გპასუხობენ, აბა რა ვქნათ, ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველვყოთ... თუ შენ უზრუნველყოფ ხელმისაწვდომობას ხარისხის ხარჯზე, მაშინ ამას აზრი არ აქვს... სკოლამდელი განათლება უნდა იყოს ხარისხიანი. როცა მასწავლებელს აბარია 40 ბავშვი... 2 მასწავლებელია თბილისის ბაღებში, ყვარელში მაგალითად, 50 ბავშვია და 1 მასწავლებელი“, - ამბობს ოლღა მუსხელიშვილი.

ექსპერტის ინფორმაციით, 2007-2008 წლებში თბილისში გაიყიდა 48 საბავშვო ბაღი და ყველა ის მიწის ნაკვეთი, სადაც შეიძლებოდა საბავშო ბაღის აშენება.

„კარგად მახსოვს, ნარმანია რომ მოვიდა, ეძებდა ცენტრალურ უბნებში ბაღის ასაშენებელ ადგილებს, მაგრამ თითის ჩასაყოფი ადგილიც კი არსად იყო“, - აღნიშნავს ადრეული განათლების სპეციალისტი, რომელიც ადასტურებს, რომ ერთადერთი, რაც საბავშვო ბაღებში სრულყოფილად და შესაბამისად უზრუნველყოფილია, კვების საკითხია.

რაც შეეხება საბავშვო ბაღების პედაგოგებს, ოლღა მუსხელიშვილი თვლის, რომ ამ სფეროში, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ჩვენს საბავშვო ბაღებში დაბალი დონეა.

„ამ მხრივ ჩვენ ვერ ვართ მაღალ დონეზე, მოწოდების სიმაღლეზე. ამაზეც მიდის მუშაობა. საქართველოს ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი... უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ იყო, იმიტომ, რომ დაიხურა უნივერსიტეტებში ის ფაკულტეტები, რომლებიც ამზადებდნენ სკოლამდელი დაწესებულების სპეციალისტებს. რამდენიმე წლის წინ ამაზე დაიწყო მუშაობა, შეიქმნა ახალი კურიკულუმები, პროგრამები, სხვადასხვა უნივერსიტეტებში იხსნება ახლა ფაკულტეტები და, შესაბამისად, რამდენიმე წლის შემდეგ, აღარ იქნება საშუალება, რომ უმაღლესი განათლების გარეშე იმუშაოს ადამიანმა საბავშვო ბაღში, მაგრამ, ვინც ახლა მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება. გადამზადების, ტრენინგის მოდული შემუშავდა, დამტკიცდა განათლების სამინისტროს მიერ და უკვე 2 თუ 3 წელია და ნელ-ნელა მიმდინარეობს მათი გადამზადება“, - ამბობს განათლების ექსპერტი.

იხილეთ ასევე:

„სკოლამდელი განათლებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს ბავშვისთვის“ - ექსპერტი საბავშვო ბაღებზე

„მშობლებს არ უნდათ, ბავშვები ეზოში გავიდნენ“ - მიზეზები, რის გამოც ბაღის ეზო საგანმანათლებლო გარემოდ არ აღიქმება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი