ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო არდადეგები სხვადასხვა დროს დაიწყო. განსხვავებულია ასევე არდადეგების დამთავრების თარიღიც.
გადაწყვეტილებას, ზამთრის არდადეგების დაწყებისა და დასრულების შესახებ, მუნიციპალიტეტები იღებენ.
თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქში სულ 187 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 55 987 აღსაზრდელი ირიცხება.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არდადგები 29 დეკემბერს დაიწყო და 9 იანვარს განახლდა, თუმცა გათბობის არქონის გამო რამდენიმე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე არ აღდგენილა. მუნიციპალიტეტში სულ 64 საჯარო ბაღია 5 415 აღსაზრდელით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებში საახალწლო არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყო და 16 იანვარს უნდა განახლდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 150 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ქუთაისის საბავშო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბერს დაიწყო და 16 იანვარს აღდგება. ქუთაისის მუნიციპალიტეტში 37 საჯარო საბავშვო ბაღია 7 050 აღსაზრდელით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო და 16 იანვარს დამთავრდება. ყვარელში 22 მუნიციპალური საბავშვო ბაღია, სადაც 1 116 აღსაზრდელი დადის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც 22 საბავშვო ბაღში 523 აღსაზრდელი ირიცხება, არდადეგები 29 დეკემბრიდან 23 იანვრამდე გაგრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ 24 საბავშვო ბაღში, სადაც 1 500 აღსაზრდელი ირიცხება, არდადეგები 30 დეკემბრიდან 23 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
ბათუმის მუნიციპალიტეტში, 34 საბავშვო ბაღის 8 280 აღსაზრდელი ბაღში სიარულს 16 იანვრიდან შეძლებს.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება მშობლებს აფრთხილებს, რომ უამინდობისა და ძლიერი ყინვების გამო, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად 20 იანვარს განახლდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 28 საბავშვო ბაღში არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყო და 16 იანვარს განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სულ 1 833 აღსაზრდელი ირიცხება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პატარები 16 იანვარს უნდა გამოცხადდნენ. აქ 17 საბავშვო ბაღი და 1 834 აღსაზრდელია.
კასპის მუნიციპალიტეტის 28 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც 1 309 აღსაზრდელი ირიცხება, მუშაობას ასევე 16 იანვარს განაახლებს.
კერძო საბავშვო ბაღებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, როდიდან და რამდენი ხნით დაისვენებენ მათი აღსაზრდელები. შესაბამისად, მათმა უმრავლესობამ, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2-3 იანვრიდან უკვე დაიწყო.
იხილეთ ასევე:
რომელ საბავშვო ბაღებში გაგრძელდა არდადეგები და სად შეწყდა სწავლა გათბობის არქონის გამო