დღის თემა
etaloni.ge
რა შენაძენი და ახალი ამბები დახვდებათ არდადეგებიდან დაბრუნებულ აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს საბავშვო ბაღებში
12.01.2023

2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში უკვე დაიწყო, ზოგი კი აღსაზრდელების მიღებას 16 და 23  იანვარს განაახლებს.

საბავშვო ბაღების სააგენტოები თუ გაერთიანებები სხვადასხვა სიახლეების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ. skolamdelebi.ge  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ცვლილებებზე მოგიყვებათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ წლის მიწურულს ავეჯი შეიძინა. 37 საბავშვო ბაღს გადაეცა სამზარეულოს მაგიდა, სამზარეულოს კარადა, საბავშვო კარადები, ჯგუფის ჭურჭლის კარადები, ნიჟარის კარადა, სტელაჟი, საბავშვო მაგიდები, საბავშვო სკამები, სკამები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებამ საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის ბახილების აპარატები და მუსიკალური ცენტრები შეიძინა. როგორც უწყება განმარტავს, ბახილების აპარატები განკუთვნილია ბაღში შემოსული სტუმრებისათვის, რათა სანიტარული ნორმები იქნას დაცული სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

„2023 წლიდან ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი. ერთი დღისთვის გათვალისწინებული რაციონით ბავშვი ჯამში 1300 კილოკალორიამდე იღებს. საბავშვო ბაღებში შემოსული პროდუქტი რეგულარულად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ“, - იტყობინება ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამა - „ადრეული განვითარება/სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“ - დააფინანსა, სადაც ბაგა-ბაღების  აღმზრდელებისთვის ფსიქოლოგებმა და ადრეული განვითარების სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს თემებზე: ბავშვის განვითარების ეტაპები; ადრეული ასაკის ბავშვის სოციალურ- ემოციური განვითარება; სასკოლო მზაობა; ბავშვის განვითარებაზე ზედამხედველობის სკრინინგ ინსტრუმენტები;

„პროგრამა უზრუნველყოფს ადრეული ასაკის,  განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებათა დროულ გამოვლენასა და ჩართვას შესაბამის მომსახურებაში. საქართველოს პროფესიულ წრეებში პროგრამა ცნობილია, როგორც „თელავის მოდელი“. 2019 წელს სერვის პროვაიდერთა ევროპულმა ასოციაციამ ეს მოდელი, საუკეთესო პრაქტიკად აღიარა, 10 საუკეთესო პრაქტიკას შორის,  რაც ბროშურის სახით გამოიცა ევროპაში“, - გვამცნობს თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ეძებს, რომელსაც გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაგა-ბაღებში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებამ წლის ბოლოს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და ექთნებისათვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარა, რომელიც  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის და ქუთაისის ფილიალის ტრენერებმა ჩაატარეს.

„უკვე გვაქვს კანონი და სტანდარტები, რომლის მიხედვით, ბაღების გაერთიანება ეტაპობრივად ახორციელებს პროექტებს, რომელიც დაეხმარება საბავშვო ბაღებს ავტორიზაციის პროცესის გადალახვაში. ავტორიზაციის ერთერთი მოთხოვნაა სააღმზრდელო ჯგუფიდან ერთერთი აღმზრდელის  პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით გადამზადება... ტრენინგის დროს მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ თეორიული ცოდნა და პირველადი დახმარების  პრაქტიკული უნარები განევითარებინათ“, - იტყობინება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი წლის ბოლოს საბავშვო ბაღებისთვის ტენიანობის საზომი აპარატები და დუღილის ციფრული საზომები შეიძინა, რომლებიც იანვრიდან ყველა საბავშვო ბაღს გადაეცემა. როგორც სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იტყობინება საბავშვო ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს ჰასპის სტანდარტის დანერგვა, რაც სურსათის უვნებლობას გულისხმობს. მუნიციპალიტეტში სულ 44 საბავშვო ბაღია.

ოზურგეთის საბავშო ბაღებში შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის  მიზნით გადამოწმდა სპეციალური საჭიროების აღმზრდელთა მუშაობის ხარისხი და გაიცა რეკომენდაციები.

„მონიტორინგის პროცესში სამსახურმა იხელმძღვანელა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო პროგრამის ხარისხის სტანდარტით  განსაზღვრულ მიმართულებათა შეფასების ინდიკატორებით“, - გვამცნობს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.

ქედის მუნიციპალიტეტში კი, 11 იანვარს, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს...

იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი