დიდთოვლობის გამო რიგ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებში არდადეგების გაგრძელება იგეგმება.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება მშობლებს აფრთხილებს, რომ უამინდობისა და ძლიერი ყინვების გამო, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად 20 იანვარს განახლდება.
უკვე მეოთხე დღეა, რაც კახეთში ინტენსიურად თოვს. ნალექს თან ერთვის ყინვაც, რის გამოც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
გორის მუნიციპალიტეტში არდადეგები 9 იანვარს დამთავრდა, თუმცა სამ საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერეულია.
როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, ბაღებში გათბობის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება.
„გორის N1, N14 და დიცის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დიცში გაყვანილობაა შესაცვლელი, დანარჩენ ორ ბაღში - გათბობის ქვაბის კონკრეტული ნაწილი და ძალიან მალე აღდგება სააღმზრდელო პროცესი. დიდიხნით არ დაკეტილა არცერთი ბაღი“, – განმარტავენ სააგენტოში.
იხილეთ ასევე:
როდის იწყება და მთავრდება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში