სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად, საბავშვო ბაღი ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა. ამასთანავე, ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი.
თუ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს და დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, მას გაუუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.
ამ კანონის ამოქმედებიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, დადგენილებით უნდა შეიტანოს სათანადო ცვლილება ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის მიზნით შექმნილი შესაბამისი ელექტრონული სისტემის წარმოების წესში, - ნათქვამია ზურაბიშვილის ბრძანებაში.
მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული საბავშო ბაღების რეგისტრაციის პროცესი 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა რეგისტრაციის ვადა გაიზარდა და საბავშვო ბაღებს შესაძლებლობა აქვთ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში.
საბავშვო ბაღების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზად კი ის დასახელდა, რომ კერძო ბაღების ნაწილი ფუნქციონირებს როგორც ფიზიკური პირის საწარმო და, შესაბამისად, აღნიშნული ბაღები ვერ გადიან რეგისტრაციას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რადგან მათ არ აქვთ იურიდიული პირის სტატუსი.
სალომე ზურაბიშვილის ბრძანება დღეს, 27 დეკემბერს ძალაში უკვე შევიდა.
იხილეთ ასევე: