„ეს არის თანამედროვე მეთოდოლოგია ბავშების აღზრდის და აქედან გამომდინარე, მათი სხვადასხვა ინსტრუმენტების დანერგვა მნიშვნელოვანია ჩვენს ბაღებში ჩვენი პატარებისთვის“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები საბავშვო ბაღების იმ აღმზრდელ-პედაგოგებს გადაეცათ, რომლებმაც გადამზადება სკოლამდელი მეთოდოლოგიის, „ჰარტის“ მიხედვით გაიარეს.
რას მოიცავს „ჰარტის“ პროგრამა, რომლითაც საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა აღმზრდელ-პედაგოგის გადამზადება იგეგმება?
„ჰარტის“ პროგრამა წარმოადგენს ხელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას და მიზნად ისახავს სერიოზული ან ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას. პროგრამაში გამოყენებულია ხელოვნების სხვადასხვა დარგი ბავშვების განცდილი გრძნობების აღქმასა და გადმოცემაში დასახმარებლად. ეს გახლავთ ხელოვნებაზე დაფუძნებული მიდგომა, რაც პატარებს ეხმარება, გაუმკლავდნენ სტრესს და ისწავლონ და განვითარდნენ კრეატიულად და გართობით.
როგორც აღმზრდელ-პედაგოგების გადასამზადებლად დაბეჭდილ სპეციალურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, ემოციური განკურნების პროცესი იწყება, როდესაც ბავშვი ვერბალურად ან მხატვრული გამოხატვის მეშვეობით უზიარებს თავის მოგონებებსა და გრძნობებს მისთვის სანდო ზრდასრულს, რომელიც მისადმი თანაგრძნობას გამოხატავს და უსმენს ყოველგვარი განსჯის გარეშე. საბოლოოდ, ბავშვი თავს გრძნობს ნაკლებად იზოლირებულად, თანატოლებთან უფრო დაახლოებულად და უსაფრთხოდ, სანდო უფროსებისა და ფართო საზოგადოების გარემოცვაში. თავის მხრივ, ეს განაპირობებს ბავშვის თავდაჯერებულობას და თვითრწმენას. ამ დროს ბავშვს ათვისების უკეთესი უნარი აქვს და უკეთ სწავლა შეუძლია.
„ჰარტი“ ასევე იყენებს ხელოვნებაზე დაფუძნებულ კრეატიულ, განმავითარებელ და სასწავლო მეთოდებს, რათა უფრო ინტერაქტიული და სახალისო გახდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წიგნიერების, მათემატიკური და სხვა უნარების განვითარება და ასევე სასკოლო საგნების სწავლა. ემოციური განკურნებისა და სასწავლო დანიშნულებით გამოყენების გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში, ხელოვნება გამოიყენება გართობის მიზნითაც, რომ შეიქმნას გასართობი და მიმზიდველი აქტივობები და ბავშვები გაეცნონ ადგილობრივი კულტურისა და ხელოვნების ტრადიციებს.
პროგრამის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ბავშვი ხატავს, მღერის თუ ცეკვავს, თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, ვიდრე მის მიერ შექმნილი ნახატი, სიმღერა ან ცეკვა. ანუ მეტი მნიშვნელობა ენიჭება პროცესს და არა საბოლოო პროდუქტს. მასწავლებელი აძლევს ბავშვებს მასალას, მითითებებს და უსმენს, როდესაც მათ სურთ საკუთარი ნამუშევრების და ემოციების გაზიარება. მასწავლებელი აძლევს ბავშვებს აქტივობაში მონაწილეობის არჩევანს და წაახალისებს მათ. ის არის მხარდამჭერი უფროსი, რომლისთვისაც მისაღებია ნებისმიერი ნამუშევარი. ის არასოდეს უსწორებს ბავშვებს და არ აფასებს მათ ნამუშევარს.
რატომ ხელოვნება?
ხატვა, ფერწერა, სიმღერა, ცეკვა, მუსიკალური ინსტრუმენტებზე დაკვრა, სამსახიობო ოსტატობა, ძერწვა, მოდელირება, ამბის თხრობა, თოჯინების წარმოდგენა, პოეზია, კრეატიული წერა - ყველა მათგანი თამაშობს გარკვეულ როლს ბავშვის კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაში. ხელოვნება ხელს უწყობს თვითგამოხატვას.
„ჰარტში“ ხელოვნების ეს ფორმები წარმოდგენილია თამაშების სახით. თამაში ხომ ბავშვების ბუნებრივი ენაა. ამ დროს ბავშვები იყენებენ თავიანთ კრეატიულობას და ხდება მათი ფანტაზიის, სიმარდის, ფიზიკური, შემეცნებითი და ემოციური უნარების განვითარება. ზოგიერთ სიტუაციაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბავშვები ვერ ახერხებენ ასეთი ტიპის თამაშში ჩართვას. ჰარტის მიხედვით კი, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს ითამაშოს.
თამაშის და შემოქმედებითი აქტივობების - სიმღერა, ხატვა, ცეკვა ან როლური თამაშის დროს ბავშვები:
იხილეთ ასევე:
რეკომენდაციები საბავშვო ბაღის თითოეული თანამშრომლისთვის
პოლონელმა მუსიკოსმა საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლებს აქტივობები ასწავლა