საბავშვო ბაღში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და შენარჩუნება თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა, იქნება ის აღმზრდელი, მნე, მზარეული თუ დაწესებულების დირექტორი, - წერია სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში. „გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი“.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში ჩამოთვლილია მარტივი რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია, თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დაწესებულებაში პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში
რეკომენდაციები:
1. ყოველდღიური პოზიტიური კომუნიკაცია თითოეულ თანამშრომელთან - მისალმება, დამშვიდობება, ყურადღებისა და ინტერესის გამოჩენა, დახმარების შეთავაზება/მიღება საჭიროების შემთხვევაში და ა.შ.
2. თანასწორობის პრინციპის დაცვა თითოეულ თანამშრომელთან ურთიერთობის დროს - პატივისცემის გამოხატვა და პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, პიროვნული თუ სხვა მახასიათებლებისა;
3. მოსმენის კულტურის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოსმენა მნიშვნელოვანია პოზიტიური ურთიერთობების ამოყალიბებისთვის. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კოლეგებს შეეძლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსმენა და მათზე მსჯელობა. ხშირად ეს საკითხები შესაძლოა ერთდროულად ბევრ კოლეგას აწუხებდეს. მაგალითად, პირველი ცვლის აღმზრდელ-პედაგოგების შესვენების ხანგრძლივობა და სხვადასხვა გარემოების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მხარდაჭერა;
4. სკოლამდელი დაწესებულების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა - თანამშრომლობითი გარემო ბუნებრივად მოიაზრებს კოლეგებს შორის უწყვეტ კომუნიკაციას და აქტიურ ჩართულობას საბავშვო ბაღში მიმდინარე მოვლენებში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს დაწესებულების მუშაობაზე, ბავშვების და პერსონალის კეთილდღეობაზე. აქტიური მონაწილეობის გარეშე თქვენი ხმა და პოზიცია ყურადღების მიღმა დარჩება და შესაბამისად, შეიზღუდება თქვენი წვლილი გარემოს, მათ შორის, თქვენი და თქვენი კოლეგების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში;
5. კოლეგების ხელშეწყობა და მხარდაჭერა - დაწესებულების ძლიერი გუნდი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ცალკეული კარგი პროფესიონალების ერთობლიობა. ამიტომ თითოეული კოლეგის მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კონკრეტული კოლეგის გასაძლიერებლად, მეორე მხრივ კი, დაწესებულებაში ხარისხიანი, ბავშვზე მორგებული განათლების უზრუნველსაყოფად;
6. პროფესიული და ეთიკური ვალდებულებების შესრულება - თანამშრომლობით გარემოში თითოეული თანამშრომელი სრულად უნდა აცნობიერებდეს, პატივს სცემდეს და ასრულებდეს მასზე დაკისრებულ პროფესიულ და ეთიკურ ვალდებულებებს და პატივს სცემდეს კოლეგების სამუშაოს და კომპეტენციებს;
7. თვითკრიტიკულობა და თვითრეფლექსია - კოლეგებთან პოზიტიური თანამშრომლობა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია არ უგულებელვყოთ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულებები. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ცოდნასა და დამოკიდებულებებს დიდწილად განაპირობებს ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოებები, დრო და კულტურა. განსხვავებული აზრის მიმართ ღიაობა საკუთარი დამოკიდებულებების, მოსაზრებების, გრძნობების, ცოდნის კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს. თვითკრიტიკული დამოკიდებულება იმას კი არ გულისხმობს, რომ აუცილებლად განსხვავებულ მოსაზრებას უნდა მივემხროთ, არამედ რეფლექსიის პროცესს, დაფიქრებას და გაანალიზებას საკუთარ დამოკიდებულებებზე: რატომ ვფიქრობ ისე, როგორც ვფიქრობ? რატომ მიმაჩნია ჩემი ხედვა უფრო ობიექტურად/ჭეშმარიტად, ვიდრე სხვისი? რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად და ა.შ. თვითრეფლექსიის შედეგად ჩვენი პოზიციები და არგუმენტები უფრო ნათელი და მყარი ხდება, მიუხედავად იმისა, შევიცვლით თუ არა აზრს;
8. კონფლიქტების მოგვარება ურთიერთთანამშრომლობის გზით -თანამშრომლობით გარემოში ნაკლებად ხდება კონფლიქტები, თუმცა სკოლამდელი დაწესებულება ცოცხალი ორგანიზმია. ის მუდმივად იცვლება, ვითარდება, შედგება ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანებისგან. შესაბამისად, ამ პროცესში, ბუნებრივია, თანამშრომლებს შორის წარმოიშვას გარკვეული უთანხმოებები, რომელთა მოგვარებაზეც, დიალოგის გზით, კონფლიქტის თითოეული მხარეა პასუხისმგებელი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია მხარეებს შორის და, საჭიროების შემთხვევაში, კოლეგების ჩართვა დიალოგის პროცესში. დაუშვებელია რომელიმე კოლეგის მიმართ ღიად ან ფარულად ღირსების შემლახველი, დამამცირებელი შეფასებების გაკეთება.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპები
პერსონალის გადამზადება და თავისუფალი გარემოს შექმნა - რა უნდა იყოს საბავშვო ბაღის ამოცანა