დღის თემა
etaloni.ge
გაეროს ბავშვთა ფონდმა მშობლის გზამკვლევი გამოაქვეყნა - ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი
16.12.2022

UNICEF-მა მშობლის გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვთა  აღზრდის ჭკვიანურ და ჯანსაღ მეთოდებზე მოგვითხრობს.

გაეროს ბავშთა ფონდი პოზიტიურ დისციპლინას გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და ბედნიერი ბავშვობისთვის აუცილებელ პირობად განიხილავს და აღნიშნავს, რომ ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი.

„ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტოს, რა მეთოდი გამოიყენოს ბავშვის აღზრდის პროცესში. მტირალა პატარასთან გვექნება საქმე თუ გაჯიუტებულ  თინეიჯერთან, ბრაზის კონტროლი საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს. არც ერთ მშობელს სურს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მთავარი, რაც სულ უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი. საბედნიეროდ, არსებობს სხვა, უფრო ეფექტიანი გზები და ერთ-ერთი მათგანი პოზიტიური დისციპლინაა... არ არსებობენ ცუდი ბავშვები, არსებობს მხოლოდ ცუდი ქცევა.“, - წერია გზამკვლევში.

რატომ პოზიტიური დისციპლინა?

მშობლებს არასდროს უნდათ საკუთარი შვილისთვის ყვირილი ან დარტყმა. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ ხოლმე, რომ თავად ვართ სტრესში და სხვა გზას ვერ ვხედავთ.

მტკიცებულება ნათელია: ყვირილი და დარტყმა უბრალოდ არ მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. განმეორებითმა ყვირილმა და ძალადობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის მთელ ცხოვრებაზე. მუდმივი „ტოქსიკური სტრესი“, რასაც ძალადობა წარმოშობს, იწვევს უარყოფით შედეგებს როგორიცაა სკოლის მიტოვება, დეპრესია, ნარკოტიკების მოხმარება, თვითმკვლელობა და გულის დაავადებები.

ეს იმას ჰგავს, რომ გითხრათ: დალიე წამალი, რომელიც არ დაგეხმარება და დაგაავადებს. როდესაც ვიცით, რომ რაღაც არ მუშაობს, ეს საკმაოდ კარგი მიზეზია სხვა მიდგომის მოსაძებნად.

დასჯის და აკრძალვების საპირისპიროდ, პოზიტიური დისციპლინა ითვალისწინებს შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ქცევის შესახებ მოლოდინების დაწესებას. კარგი ამბავი ყველა მშობლისთვის ის არის, რომ ეს მიდგომა მუშაობს და აი, როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი პრაქტიკაში გამოყენება:

გამოყავით პირისპირ საურთიერთო დრო

ერთი ერთზე კონტაქტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობის გაღრმავებისთვის და ეს მით უმეტეს ასეა, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ეს შეიძლება იყოს დღეში 20 წუთი, ან თუნდაც 5 წუთი. შეგიძლიათ ეს დრო დაამთხვიოთ ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიც არის ჭურჭლის რეცხვა, ან მაშინ ისაუბროთ, როცა ერთად ფენთ სარეცხს. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყურადღება შეაჩეროთ თქვენს შვილზე. ანუ, გამორთავთ ტელევიზორს, გამორთავთ ტელეფონს, და რჩებით პირისპირ, ერთი ერთზე თქვენს შვილთან.  

შეაქეთ დადებითი ქცევა

როგორც მშობლები, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენი შვილების ცუდ საქციელზე და მივანიშნებთ მასზე. ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ცუდი ქცევა თქვენი ყურადღების მიქცევის გზაა და შედეგად, კი არ შეწყვიტონ, არამედ პირიქით - ხშირად გაიმეორონ ის.  

ბავშვები დადებითად რეაგირებენ შექებაზე. შექება მათ თავს აგრძნობინებს განსაკუთრებულად და ასე ხვდებიან, რომ გიყვართ. დაუდარაჯდით და როცა რაღაც კარგს გააკეთებს, აუცილებლად შეაქეთ - თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ ხუთი წუთის განმავლობაში თამაშობდა უმცროს ძმასთან. ამას შეუძლია წაახალისოს კარგი ქცევა და შეამციროს დისციპლინის საჭიროება.

დასახეთ მკაფიო მოლოდინები

თქვენი შვილისთვის დაზუსტებით იმის თქმა თქმა, თუ რა გსურთ, რომ გააკეთოს, ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე იმის თქმა, თუ რა არ უნდა გააკეთოს. როდესაც ბავშვს სთხოვ, არ არიოს სახლი, ან არ მოიქცეს ცუდად, მას შესაძლოა სულაც არ ესმის, კონკრეტულად რისი გაკეთება მოეთხოვება. მკაფიო ინსტრუქციები, როგორიცაა „გთხოვ, აიღე ყველა სათამაშო და ჩადე ისინი ყუთში“ ქმნის მკაფიო მოლოდინს და ზრდის ალბათობას, რომ ბავშვი შეასრულებს იმას, რასაც თქვენ ითხოვთ.

გაითვალისწინეთ, დასახული მოლოდინები რეალისტური უნდა იყოს. მთელი დღის განმავლობაში ჩუმად ყოფნის მოთხოვნა არ არის შესრულებადი, თუმცა, შეგიძლიათ თხოვოთ ბავშვს, ჩუმად იყოს ის 10 წუთი, როცა სატელეფონო ზარი გაქვთ. თქვენ იცით, რა შეუძლია თქვენს შვილს. თუ მას შეუძლებელს მოთხოვთ, რა თქმა უნდა, ჩაფლავდება.

გადაიტანეთ ყურადღება

როცა ბავშვი ცუდად იქცევა, სასარგებლო სტრატეგიაა მისი ყურადღების გადატანა პოზიტიურ აქტივობაზე. როდესაც მის ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანთ – თემის შეცვლით, თამაშის წამოწყებით, სხვა ოთახში ან სასეირნოდ გაყვანით, ამით მის ენერგიას პოზიტიური ქცევისკენ მიმართავთ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დროული მოქმედება. უნდა შევამჩნიოთ ის მომენტი, როცა ქცევა არასწორ გეზს იღებს და მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება. ყურადღების გადასატანად მზად იყავით, თუ ბავშვი მოუსვენრად არის, შფოთავს ან გაღიზიანებულია, ან თუ და-ძმა ერთი სათამაშოს მიმართ გამოხატავს ყურადღებას. ამ მომენტის დანახვა დაგეხმარებათ პოტენციური პრობლემის განმუხტვაში, სანამ ის წარმოიშვება.  

განუმარტეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

იმის სწავლა, რომ ყველა საქციელს შედეგი მოყვება, გაზრდის ნაწილია. თქვენი შვილისთვის ამის ახსნა ხელს შეუწყობს უკეთეს ქცევას და გამოუმუშავებს პასუხისმგებლობის განცდას.

მიეცით თქვენს შვილს საშუალება მოიქცეს სწორად, მათი ცუდი ქცევის შედეგების ახსნით. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ბავშვმა შეწყვიტოს კედელზე ხატვა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ თუ ამას არ შეწყვეტს, აღარ მისცემთ თამაშისთვის დროს. ეს ბავშვისთვის ერთდროულად გაფრთხილებაცაა და შესაძლებლობაც, რომ შეცვალოს  ქცევა. თუ მაინც არ შეწყვეტს, მიჰყევით პირობას მშვიდად და ბრაზის გამოვლენის გარეშე. ამას რომ შეძლებთ, საკუთარი თავიც შეაქეთ - ეს არ არის ადვილი!

თუ ბავშვი ცუდ საქციელს შეწყვეტს, გულიანად შეაქეთ ამის გამო. ამით თქვენ ქმნით დადებითი რეაქციის ციკლს თქვენი შვილისთვის. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მშვიდად აღსრულება ეფექტიანი გზაა ბავშვებისთვის იმის გასაგებად, თუ რა ხდება, როდესაც ისინი ცუდად იქცევიან.

თანმიმდევრულობა პოზიტიური დისციპლინის მთავარი ფაქტორია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაპირებული შედეგების აღსრულება. ეს შედეგები კი აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური. „მოზარდისთვის ტელეფონის ჩამორთმევა ერთი საათით შესაძლებელია, მაგრამ ტელეფონის ჩამორთმევა მთლიანი კვირით შეიძლება რთული აღსასრულებელი იყოს.

პატარა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა

ერთი ერთზე გატარებული დრო შეიძლება ძალიან სახალისო იყოს - და სრულიად უფასოა! შეგიძლიათ გაიმეოროთ მისი გამომეტყველება, აკაკუნოთ კოვზები ქვაბებს ან ერთად იმღეროთ. არის უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მშობლებთან თამაში ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას.

იხილეთ ასევე:

„დღეს ვნახე, როგორ ტიროდა ბაღის ბავშვი და ამ დროს როგორი ამაყი იყო ბაღის დირექტორი“

19 რჩევა მშობლებისთვის - თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი