დღის თემა
etaloni.ge
როგორ მოვუწყოთ ბავშვებს საახალწლო წვეულება
14.12.2022

დღესასწაულები ბავშვების უმრავლესობას განსაკუთრებულად უყვარს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის შესაბამისად მოემზადოთ.

მაგალითად, შეაჩიოთ და მოამზადოთ სადღესასწაულო კერძები, გააფორმოთ სახლი, დაპატიჟოთ ოჯახის და ბავშვის მეგობრები და, რაც მთავარია, ამ ყველაფერში მონაწილეობა მიაღებინოთ ბავშვს. კარგი იქნება, თუ საბავშვო წვეულებებს ისე, ყოველგვარი მიზეზის გარეშეც მოაწყობთ.

დაპატიჟეთ ბავშვის მეგობრები და ერთად გაატარეთ დრო ხალისიანად და საინტერესოდ. გადააფარეთ ლამაზი სუფრა, გაბერეთ ბევრი ბუშტი, გააფორმეთ სახლი სადღესასწაულოდ. ასეთი წვეულებებით თქვენ ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას შეუწყობთ ხელს. ბავშვთან ერთად მოამზადეთ გასამასპინძლებელი კერძები, ერთად მოიფიქრეთ გასართობი თამაშები. წაახალისეთ ბავშვის ინიციატივა, მიეცით მას საუშუალება, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები მენიუს ან თამაშების შერჩევაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული მშობლისა და აღმზრდელის წიგნის მიხედვით, გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება მოაწყოოთ საახალწლო წვეულება და რა და როგორ დაამზადოთ ბავშვებთან ერთად.

საახალწლო წვეულება

გააფორმეთ სახლი: გააფორმეთ სახლი საახალწლო აქსესუარებით. ბავშვებისთვის დასარიგებლად ბამბისგან დაამზადეთ თოვლის ბაბუას წვერები ბიჭებისთვის, ხოლო გოგონებისთვის წვიმებისგან დამზადებული გვირგვინები.

მოსაწვევი ბარათები: წაახალისეთ ბავშვი დახატოს ახალი წლის დეკორაციები - ფიფქები, ვარსკვლავები, ნაძვის ხეები და ა.შ., დაეხმარეთ გამოჭრაში და დააწებეთ ფერადი ფურცლისგან გამოჭრილ ბარათებზე. ნახატს ფუნჯით წაუსვით წებო-ემულსია და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი წვიმები ან საკონდიტრო ბრჭყვიალები.

თამაშები:

  • დაამზადეთ ბამბისგან ან თეთრი ქაღალდისგან „გუნდები“.
  • მოიმარაგეთ დიდი ზომის მუყაოს ყუთი და წაახალისეთ ბავშვები გარკვეული მანძილიდან Gჩაყარონ „გუნდები“ყუთში. ასეთი გუნდებით შეგიძლიათ „იგუნდაოთ“ კიდევაც სახლის პირობებში;
  • პატარა ზომის მუყაოს ყუთებში მოათავსეთ საახალწლო ნუგბარი - კანფეტი, მარმელადი ან გოზინაყი. ყუთი შეახვიეთ რამდენიმე ფენა შესაფუთ ქაღალდში. ბავშვები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ, ვინ უფრო მალე გახსნის საახალწლო საჩGუქარს;
  • გაამზადეთ პატარა ზომის ბამბის ქულები ან დაკუჭული ქაღალდის გუნდები, მოათავსეთ მაგიდაზე. მაგიდის ერთ მხარეს მონიშნეთ კარი და წაახალისეთ ბავშვები სულის შებერვით შეაგდონ კარში;
  • სახლის რომელიმე კუთხეში დამალეთ „თოვლის ბაბუას“ ქუდი. წაახალისეთ ბავშვები მოძებნონ ეს ქუდი, თქვენ კი დაეხმარეთ მინიშნებებით. თუ მიუახლოვდებიან ქუდს, უთხარით „ცხელა“, ხოლო თუ დაშორდებიან — „ცივა“.

როგორ მოვამზადოთ საახალწლო ნამცხვარი

საჭირო მასალა „სახლის“ კედლებისთვის:

300 გრამი კარაქი;

125 გრამი შაქარი;

225 გრამი თაფლი;

725 გრამი ფქვილი;

სოდა და ძმარი;

მიხაკი და დარიჩჩინი.

საჭირო მასალა „სახლის“ კედლების ერთმანეთთან დასამაგრებლად:

2 ცალი კვერცხის ცილა;

500 გრამი შაქარი.

საჭირო მასალა „სახლების“ მოსართავად:

შოკოლადის ფერადი დრაჟეები.

მომზადების წესი:

შეურიეთ ერთმანეთს კარაქი, შაქარი, თაფლი, სუნელები და ფქვილი და მოამზადეთ ცომი. დააბრტყელეთ და გამოჭერით ნიმუშის მიხედვით ისე, რომ გამოვიდეს სახლის 4 კედელი და ორი ოთხკუთხედი ორფერდა სახურავისთვის. გამოაცხვეთ ღუმელში. ცალკე ათქვიფეთ შაქარი და კვერცხის ცილა გათეთრებამდე. გამომცხვარი ნამცხვრისგან ააწყვეთ სახლი, ხოლო კედლების დასამაგრებლად გამოიყენეთ ბეზე. ბეზე წაუსვით სახლის სახურავსაც თოვლის მსგავსად და გააფორმეთ შოკოლადის დრაჟეებით.

იხილეთ ასევე:

არის თუ არა სავალდებულო საბავშვო ბაღებში საახალწლოდ ღონისძიების ჩატარება და რა ფორმა უნდა ჰქონდეს ამ აქტივობას

რას მოიცავს ახალი წლის აქტივობის თემა საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი