ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმების თემა. უნდა ჩატარდეს თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებებში ღონისძიებები და რა ფორმით? ამ კითხვაზე პასუხი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხარისხის სტანდარტშია მოცემული.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ხარისხის სტანდარტის მიხედვით, ზეიმი ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთი საქმიანობაა და არა აუცილებელი ან სავალდებულო. როგორც დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ ყველა სხვა აქტივობას, მასაც გააჩნია კონკრეტული მიზანი - ბავშვის ჰოლისტური განვითარება.
შემაჯამებელი ღონისძიების ან ზეიმის დაგეგმვისას, ბაგა-ბაღის პერსონალმა პირველ რიგში იმაზე უნდა იფიქროს, თუ რა არის ამ ღონისძიების მიზანი და არ უნდა გამორჩეთ, რომ არსებობს პირდაპირი და ირიბი ან სულაც ფარული მიზნები.
პირდაპირი მიზანი შესაძლოა ჯგუფის მუშაობის შეჯამება, მშობლების წინაშე წარდგენა იყოს, ხოლო ირიბი მიზანი - მშობლების კმაყოფილების მოპოვება, საგანმანათლებლო პერსონალის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენა, ადმინისტრაციის წინაშე თავის მოწონება და ა.შ.
ე. წ. „ირიბი მიზნების“ არსებობა სავსებით ბუნებრივია. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ აღმზრდელ-პედაგოგებსა და აღმზრდელებს სურდეთ, მშობლები კმაყოფილები იყვნენ, ან საკუთარი თავის წარმოჩენა უნდოდეთ ადმინისტრაციის, ან უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე. მაგრამ ზეიმის ამ მიზნებისთვის გამოყენება არასწორია.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულია ცუდი პრაქტიკა, აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღმზრდელთა მუშაობა შეფასდეს სწორედ მათ მიერ ჩატარებული ზეიმების მიხედვით. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში მათ ზუსტად ამ ნიშნით ადარებენ ერთმანეთს, თუ ვინ როგორ ზეიმს ჩაატარებს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ადმინისტრაციის მხრიდან სწორი მიდგომა, საგანმანათლებლო პერსონალისთვის თავისუფლების მინიჭება, ჩაატაროს ან არ ჩაატაროს ზეიმი.
არ არის სწორი აღმზრდელ-პედაგოგსა თუ აღმზრდელს „მოვთხოვოთ“ ჩაატაროს ზეიმი, ან ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტიპის მასობრივ ღონისძიებაში - კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, პოდიუმები და ა.შ.
ხარისხის სტანდარტში წერია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებისთვის მზადება, ხშირად, ასევე ბავშვთა უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. ბავშვებთან მომუშავე უფროსებს უწევთ ბავშვების გაწვრთნა და არა მათ ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა.
როგორი უნდა იყოს ზეიმი
ზეიმზე ფიქრისას უმთავრესი მიზანი ბავშვის ინტერესების, მათი საჭიროებების და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება უნდა იყოს.
ბავშვები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ღონისძიების როგორც დაგეგმვაში, ისე განხორციელებაში. ასეთი ღონისძიებები დღესასწაული უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის. შესაბამისად, დაუშვებელია ზეიმის მხოლოდ ე.წ. „ნიჭიერ“, „ძლიერ“ ბავშვებზე აგება, მხოლოდ მათი ჩართვა, ან მათი წინა ფლანგზე გამოყვანა დანარჩენების „გადამალვის“ მიზნით.
ზეიმი შეგიძლიათ სხვადასხვა სახით ჩაატაროთ. ეს შეიძლება იყოს:
დრამატული თამაში - დრამატული თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვებთან ერთად უნდა შეიტანონ ცვლილებები ჯგუფის სივრცეში, წაახალისონ ბავშვები, თავად დაამზადონ თამაშისთვის აუცილებელი ატრიბუტები. დრამატული თამაში სპექტაკლი არ არის, ეს არის თავისუფალი თამაში, სადაც ბავშვები როლებს და ტექსტებს წინასწარ არ დაისწავლიან. ისინი საკუთარი სურვილით მოირგებენ როლებს და ჩაერთვებიან თამაშში თავისუფლად, საკუთარი იმპროვიზაციით. თამაშში მათთან ერთად მოწვეული სტუმრებიც შეიძლება ჩაერთონ
მინი-სპექტაკლი - მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავად აირჩიონ, როგორ მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში - მსახიობები იქნებიან, მუსიკას შეარჩევენ, პიესას დაწერენ თუ ბილეთებს გაყიდიან სალაროში. ბავშვებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, აღმზრდელებმა კი პატივი სცენ მათ არჩევანს და ამ მხრივ მშობლებთან მუშაობაც გააბან. სამწუხაროდ, ბევრი მშობლისთვის მიუღებელია „ეპიზოდურ, უმნიშვნელო“ როლებში, ან თუნდაც მხოლოდ კოსტუმების ავტორის როლში შვილის ხილვა, ამიტომ პედაგოგმა მშობლებს უნდა ავუხსნას, რომ პატივი სცენ ბავშვების არჩევანს.
ექსკურსია - ექსკურსია მნიშვნელოვანი აქტივობაა საგანმანათლებლო პროცესში. ბავშვები რეალობაში ნახულობენ იმას, რაც აინტერესებთ, ან რაც უკვე ისწავლეს. ბავშვებს ყოველთვის სიამოვნებთ სუფთა ჰაერზე ყოფნა, რეალურ, „ნამდვილ“ ნივთებთან შეხება, რეალურ მოვლენებზე დაკვირვება, „რეალური ცხოვრების“ ნახვა.
პრეზენტაცია - პრეზენტაცია არის თემის წარდგენა აუდიტორიის წინაშე საუბრისა და თვალსაჩინოებების გამოყენებით. პრეზენტაციის დროს მოწვეული სტუმრები - მშობლები, ბაღის თანამშრომლები, სხვა ჯგუფების ბავშვები - ეცნობიან საკითხს, რომელზეც მუშაობდა კონკრეტული ჯგუფი, ათვალიერებენ ჯგუფის ბავშვების ნამუშევრებს, სვამენ შეკითხვებს.
პრეზენტაციის დროს ბავშვები შერჩეული საკითხისა და საკუთარი ნამუშევრის შესახებ აუდიტორიის წინაშე საუბრობენ, უფროსების დახმარებით, თემაზე მუშაობის პროცესსა და შედეგებს ორგანიზებულად წარადგენენ დამსწრე აუდიტორიის წინაშე.
იხილეთ ასევე:
როდის იწყება და მთავრდება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში