დღის თემა
etaloni.ge
რას მოიცავს ახალი წლის აქტივობის თემა საბავშვო ბაღებში
07.12.2022

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ამ დღესასწაულისა და ტრადიციების თემის განხილვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ითვლება.

აქტივობათა კრებულში, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოამზადა, ახალი წლის თემა დაწვრილებით არის განხილული.

აღნიშნული თემა მოიცავს ერთ კვირას. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს პირველი სემესტრის ბოლო კვირა. თემა ითვალისწინებს არა მარტო საახალწლო მზადებას, არამედ სხვა ქვეყნებისა და ხალხების საახალწლო ტრადიციების გაცნობას.

თემის მიზანია, ბავშვებმა გაიგონ, რომ არსებობს ცხოვრების სხვა წესიც, სხვა ტრადიციები, სხვანაირი ადამიანები, განსხვავებული ზეიმები. დაინახონ, რა გვაქვს საერთო სხვადასხვა ეროვნების, ქვეყნის, კანის ფერის ადამიანებს.

ბავშვები შეეცდებიან გაიაზრონ, რა არის წელიწადი, რამდენი წელიწადის დრო და თვე ვიცით, რას ნიშნავს ახალი წლის მოსვლა. თემა კი უნდა დასწულდეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმით.

აღმზრდელმა ბავშვებს უნდა მოუყვეს ახალი წლის ტრადიციების შესახებ საქართველოში და აუხსნას:

რა არის ახალი წელი, როდის მოდის, სულ რამდენი თვეა წელიწადში, რა გვახსოვს ახალი წლის აღნიშვნის შესახებ, როგორ აღვნიშნეთ შარშან, ვინ მოდის ბავშვებთან საქართველოში ახალ წელს, რა აცვია მას, რა მოგვიტანა შარშან თოვლის პაპამ/ბაბუამ, წელს რა გვინდა, რომ მოგვიტანოს, რას ვამზადებთ საახალწლო სუფრისთვის და რა არის ჩიჩილაკი.

სასურველია, აღმზრდელმა ჩიჩილაკი წრეში ჩამოატაროს, რათა ბავშვებმა კარგად დაათვალიერონ. მერე კი უნდა მოუყვეთ, როგორ მზადდება იგი.

ახალი წლის ტრადიციები სხვა ქვეყნებში

აღმზრდელი ეუბნება ბავშვებს, რომ ახალ წელს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

მაგალითად, „ამოგზაურეთ“ ბავშვები ჩინეთში და ნახეთ, როგორ ხვდებიან იქ ახალ წელს. აჩვენეთ რუკაზე ჩინეთი. ესაუბრეთ ჩინეთსა და ჩინელებზე. ამ საუბრისთვის აუცილებელია კარგად მოემზადოთ. უნდა უთხრათ ბავშვებს, რომ ჩინეთი არის ძალიან დიდი, საქართველოზე გაცილებით დიდი ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი. ჩინელები არიან ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი ხალხი. ჩინელები განსხვავდებიან ჩვენგან კანის ფერით, თვალების ფორმით. ისინი საუბრობენ ჩინურად, წერენ იეროგლი ფებით და არა ასოებით, როგორც ჩვენ. მოუყევით ჩინეთის დიდი კედლის შესახებ, აჩვენეთ სურათები. ზღაპრის მაგივრად, წიგნის წაკითხვისას მოუყევით ჩინური ლეგენდები ახალი წლის შესახებ.

ამერიკაზე საუბრისას, ბავშებს გაახსენეთ სანტაკლაუსი. აჩვენეთ რუკაზე ამერიკა. ნახონ, როგორ შეიძლება ამერიკაში ჩასვლა - უნდა გადალახონ ოკეანე. მოკლედ მოუყევით, როგორ მოხდა ამერიკის აღმოჩენა, რა განსხვავება და მსგავსებაა სანტაკლაუსსა და თოვლის ბაბუას შორის, კიდევ რა საახალწლო რეკვიზიტები აქვთ ამერიკაში - ირმები, ელფები, მარხილი და ა.შ. აღნიშნეთ, რომ ამჟამად ამერიკაში ბევრი სხვადასხვა ტრადიციის მქონე ხალხების ოჯახია. ადრე ეს იყო ინდიელების ქვეყანა, ახლა კი იქ ცხოვრობენ თეთრკანიანები, შავკანიანები, ჩინელები და ყველა ამერიკელია.

აქტივობები

  1. ჩიჩილაკის მორთვა - ბავშვები დაყავით მცირე ჯგუფებად. დაურიგეთ პატარა ჩიჩილაკები, ფერადი ქაღალდები, მაკრატლები, ლენტები. ბავშვებმა დახატონ ფერად ფურცლებზე სხვადასხვა ხილი, თოჯინები... დაეხმარეთ მათ დამაგრებაში.
  2. ხურჯინი თოვლის ბაბუასთვის ფერადი ქარალდებისგან ან ძველი ნაჭრებისგან დაამზადეთ, რომელთა მოტანაც წინასწარ უნდა მოსთხოვოთ მშობლებს.

საქმიანობები მცირე ჯგუფებში

  1. დაითვალეთ თვეები და ააწყეთ წელიწადის დროების მიხედვით - მოამზადეთ 12 ბარათი, რომლებსაც აწერია თვეების სახელები, ასევე 4 ილუსტრაცია წელიწადის დროების გამოსახულებით. აიღოთ ბარათი, წაუკითხეთ ბავშვებს თვის სახელწოდება და ჰკითხოთ, წელიწადის რომელ დროს არის აღნიშნული თვე. ბავშვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ უნდა დაეხმაროთ. მას შემდეგ, რაც თვეებს განვალაგებთ სეზონების მიხედვით, კიდევ ერთხელ წაუკითხეთ თითოეული თვის სახელწოდება. დაეხმარეთ ბავშვებს დაითვალონ, რამდენი თვეა ცალკეულ წელიწადის დროსა და ერთ წელიწადში.
  1. წერილი თოვლის ბაბუას - ყველამ სათითაოდ „მისწეროს“ წერილი თოვლის პაპას/ბაბუას. ბავშვებს შეუძლიათ შექმნან ნახატი ან აპლიკაცია. წერილი გააფორმონ ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ.
  2. მათემატიკური ნაძვის ხე - ესაა სახალისო მათემატიკური აქტივობა. ხის დამზადება შესაძლებელია ბამბით და პინცეტით, ასევე პლასტილინის ბურთულებით.
  3. გააკეთეთ, მაგალითად, დრაკონი თქვენი ფანტაზიით. შეგიძლიათ ასევე სხვა ნიმუშების შეთავაზებაც...
  4. ჰკითხეთ ბავშვებს, რას ხედავენ სურათზე. მაგალითად, რამდენი ირემია გამოსახული ნახატზე, რამდენი ვარსკვლავია ცაზე? და ა.შ.

პროექტი: მოდის ახალი წელი

პროექტი გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. დაამზადეთ  მისალოცი ბარათები მშობლებისთვის, მეგობრებისთვის - ვისთვისაც მოისურვებთ და როგორსაც მოისურვებთ. შექმენით სახალისო ნაკეთობები, ნახატები, კოლაჟები, დაამზადეთ ნაძვის ხის სათამაშოები, მორთეთ ნაძვის ხე და მოაწყეთ საახალწლო გამოფენა. ბოლო დღეს კი მოაწყეთ ბავშვებისთვის აქტივობა - მოდის თოვლის პაპა/ბაბუა, იცეკვეთ ნაძვის ხის გარშემო. შეგიძლიათ, ბავშვებს მოვუწყოთ თოჯინების ან სხვა თეატრის სპექტაკლიც.

იხილეთ ასევე:

სანტა კლაუსმა საქართველოს გადაუფრინა - ისტორია და მისამართი, სადაც წერილების გაგზავნა შეიძლება

შოკოლადის კვერცხი და წებოვანი სტიკერი სენაკელ ბავშვებს საახალწლოდ დაურიგდება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი