დღის თემა
etaloni.ge
როდის იწყება და მთავრდება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში
12.12.2022

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო არდადეგები სხვადასხვა დროს იწყება და მთავრდება.

გადაწყვეტილებას ზამთრის არდადეგების შესახებ მუნიციპალიტეტები იღებენ. ზოგ რეგიონში ეს თარიღები დაზუსტებული არ არის, ზოგმა კი უკვე დაასახელა.

თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქში სულ 187 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 55 987 აღსაზრდელი ირიცხება.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ბავშვები 29 დეკემბრიდან აღარ მივლენ. არდადეგები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გორის მუნიციპალიტეტში სულ 64 საჯარო ბაღია 5 415 აღსაზრდელით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებში საახალწლო არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება და  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრიდან განახლდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 150 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ქალაქ ქუთაისის საბავშო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება, თუმცა, როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტიათ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი  16 იანვარს აღდგება თუ 23-ში, რადგან შუაში 19 იანვარი, ნათლისღების დღესასწაულია, რომელიც დასვენების დღეა. ქუთაისის მუნიციპალიტეტში 37 საჯარო საბავშვო ბაღია 7 050 აღსაზრდელით.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში skolamdelebi.ge-ს უთხრეს, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებას 16 იანვრიდან ფიქრობენ. ყვარელში 22 მუნიციპალური საბავშვო ბაღია, სადაც 1 116 აღსაზრდელი დადის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც 22 საბავშვო ბაღში 523 აღსაზრდელი ირიცხება, არდადეგები 29 დეკემბრიდან 23 იანვრამდე გაგრძელდება. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ 24 საბავშვო ბაღში, სადაც 1 500 აღსაზრდელი ირიცხება, არდადეგები 30 დეკემბრიდან 23 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ბათუმის მუნიციპალიტეტში, 34 საბავშვო ბაღის 8 280 აღსაზრდელი ბაღში სიარულს 16 იანვრიდან შეძლებს.

კერძო საბავშვო ბაღებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, როდიდან და რამდენი ხნით დაისვენებენ მათი აღსაზრდელები. 

ინფორმაცია განახლებადია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საახალწლო არდადეგების შესახებ ინფორმაცია აქვე დაემატება.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი