დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე
08.12.2022

საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობელთა განათლებაზე ზრუნვა, იმისათვის, რათა მათი ჩართულობა გაიზარდოს და მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გარკვეულწილად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებზეა დამოკიდებული.

როგორც კვლევები მოწმობს, მშობელთა ცნობიერების დონე ადრეული განათლების საკითხებში, მათი ჩართულობის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში მოცემულია მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ ამისთვის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა.

რჩევები ბაღის პედაგოგებისთვის:

  • შეაგროვეთ რესურსები მშობლებისთვის, ეს შესაძლოა იყოს წიგნები სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საკითხებთან დკავშირებით, ან ამავე თემაზე ვიდეო და აუდიო მასალა, ჟურნალ-გაზეთები, ბროშურები და შესთავაზეთ ეს რესურსი მშობლებს.

  • შეგიძლიათ, ერთობლივი ვიდეოჩვენებებიც მოაწყოთ და შემდეგ იმსჯელოთ. თუ ბაღის სივრცე ამის საშუალებას იძლევა, მშობლებისთვის მოაწყვეთ რესურსების ოთახი და ეს მასალასაც იქ შეინახეთ.

  • მშობელთა განათლებაზე ზრუნვა შესაძლებელია მშობელთა კლუბებითაც - ბაღის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის „ვორქშოპებითა“ და სემინარებით, საინფორმაციო შეხვედრებით დარგის სპეციალისტებთან. ასეთ შეხვედრებზე მშობლებს გააცნობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლის თავისებურებებს, ან ურჩევთ, როგორ გაატარონ დრო სახლში, რითი შეიძლება დაკავდნენ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან.

  • შეგიძლიათ მოიწვიოთ ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც ასაკობრივ თავისებურებებზე ისაუბრებს, ან მხატვარი, რომელიც მშობლებს აუხსნის, როგორ განავითარონ შემოქმედებითი თავისუფლება, მუსიკოსი, რომელიც მშობლებთან ერთად სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ აქტივობას ჩაატარებს, ფიზიკოსი, რომელიც მარტივ ექსპერიმენტებს ასწავლის მშობლებს, რომელსაც ისინი მოგვიანებით ბავშვებთან ერთად გააკეთებენ და ა.შ.

  • სემინარებზე მშობლებს შესაძლოა გააცნოთ როგორ, რა ტიპის აქტივობებით განუვითარონ ბავშვებს შემოქმედებითი, მათემატიკური, წიგნიერების და ა.შ. უნარები, ესაუბრებით ჯანსაღი კვების შესახებ, სუფთა ჰაერზე ყოფნის აუცილებლობაზე, ასწავლით კონკრეტულ სტრატეგიებს, როგორ მართონ რთული ქცევა, როგორ განამტკიცონ ჩვევა და ა.შ.

  • მუდმივად ადევნეთ თვალყური თქვენს ქალაქში, ან უბანში მიმდინარე ღონისძიებებს (მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში, თეატრებში, საგამოფენო დარბაზებში) და დროდადრო შეატყობინეთ ხოლმე მშობლებს, რათა, თუ მოისურვებენ, შეძლონ ონაწილეობის მიღება.

არსებობს სხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც საბავშვო ბაღებში მშობელთა კლუბები ფუნქციონირებს.

მაგალითად, მშობელთა კლუბების ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვთ პოლონეთში, სადაც რეგიონებში შეიქმნა ე.წ. „გართობის ჯგუფები“. ასეთი ჯგუფების მიზანი მშობელთა ცნობიერების ამაღლებაა. მშობლები კვირაში ერთხელ იკრიბებიან და საგანგებოდ ამ ჯგუფებში სამუშაოდ გადამზადებულ ანიმატორებთან (ანიმატორი შესაძლოა იყოს ბაღის მასწავლებელი) და ბავშვებთან ერთად ერთვებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობაში. მშობლები ამ ჯგუფებში სწავლობენ, როგორ ეთამაშონ ადრეული ასაკის ბავშვებს, რა საქმიანობებით შეიძლება დაკავდნენ მათთან ერთად იმისათვის, რომ ბავშვების უნარები მრავალმხრივ განვითარდეს.

ასეთი ჯგუფების ორგანიზება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ბაღის სივრცეშია შესაძლებელი.

იხილეთ ასევე:

203 აღმზრდელ-პედაგოგით ნაკლები და 20-ით მეტი საბავშვო ბაღი - განახლებული სტატისტიკა

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი