რომელ აღმზრდელ-პედაგოგს მოეთხოვება ბავშვის მშობლიურ ენის გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში გაწერილია ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები.
სტანდარტის მიხედვით, ამ კვალიფიკაციის პედაგოგს უნდა შეეძლოს პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა, იცოდეს ეროვნული უმცირესობების ენა საკომუნიკაციო დონეზე და ა.შ.
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიზნებია: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება. ასევე - კულტურული, ეთნიკური ტრადიციების გათვალისწინებით სასაუბროების, თამაშების შექმნა და წარმართვა და ქართული ენის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების დაუფლების ხელშეწყობა.
აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების მეთოდები, ხოლო ეროვნული უმცირესობების ენა - საკომუნიკაციო დონეზე.
ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული უნარ-ჩვევებია:
- მიმართულება მოსმენა:
- ზეპირი საუბრის შინაარსის გაგება და გაანალიზება;
- ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.: ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმებისა და სხვა);
- მიმართულება კითხვა: სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება;
- მიმართულება წერა: სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ.: განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი, გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა;
- მიმართულება ზეპირმეტყველება:
- სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;
- ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: საკვანძო სიტყვების, გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა).
ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები. ასევე, ბავშვებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების მეთოდოლოგია, კერძოდ:
- ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით სასაუბროების, ტექსტებისა და თამაშების შერჩევა;
- ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: მარტივი დიალოგის წარმართვა, პირველი ენისა და ქართული ენის შედარების გამოყენებით ლექსიკური მასალის დაუფლების ხელშეწყობა);
- შედეგზე და ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:
- ჯგუფში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ჩატარება გეგმის მიხედვით;
- ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად (მაგ.: წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების გამოყენება – ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის ბავშვის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, როლური თამაშები და სხვა);
- ბავშვების მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ აქტივობაში ჩასაბმელად (მაგ.: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების, თამაშების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა);
- დაწყებითი წიგნიერებისა და ზოგადად, ქართულად კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მეთოდებით: თვალსაჩინოებების გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, თოჯინური სპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა და სხვა;
- ქართული ენის სწავლება ბავშვის კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის, კერძოდ:
- სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც ბავშვის ინტერესს გამოიწვევს;
- ჯგუფში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის გამოყენება;
- მოსწავლის მშობლიური ენისა და კულტურული გამოცდილების გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება;
- ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების სისტემის გამოყენება;
- ბავშვში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური მასალებისა და მიდგომების გამოყენება.
ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგ რეგულარულად უნდა თანამშრომლობდეს აღმზრდელთან, თანამშრომლებთან, ბავშვის ოჯახის წევრებთან სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ასევე ერთობლივი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
იხილეთ ასევე:
რა პროფესიული მახასიათებლები უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმდეთ
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს სხვადასხვა ცეკვის ილეთეები და ინსტრუმენტზე დაკვრა