რა პროფესიული მახასიათებლები უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმდეთ
დღეს ქვეყანაში მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლების ნაწილში განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კარგად დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება.
მოგეხსენებათ, აღმზრდელ-პედაგოგი არის პირი, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები
- აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
- აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.
- აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები, სწავლის თეორიები, თანამედროვე კვლევები, მიდგომები, არსებული პროგრამები და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას ითვალისწინებს და ეყრდნობა მათ.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.
- აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ, ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს შესაბამის რესურსებს: კონსტრუქტორებსა და მათემატიკურ სამაგიდო თამაშებს, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასალებს, სხვადასხვა რესურსს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით.
- აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა.
- აღმზრდელ-პედაგოგი ფლობს და, საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკაში იყენებს შერეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის მრავალფეროვან მეთოდებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი აცნობიერებს განათლების უწყვეტობის პრინციპის გააზრებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტების ცოდნის მნიშვნელობას.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.
- აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.
იხილეთ ასევე:
რა განათლება უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელად დასაქმდეთ
ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა