მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს სხვადასხვა ცეკვის ილეთეები და ინსტრუმენტზე დაკვრა
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მუსიკის მასწავლებელს, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს, უნდა შეეძლოს, ბავშვებს მხატვრული და მუსიკალური გემოვნების განვითარებაში დაეხმაროს, უნდა იცოდეს ბავშვებისათვის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია და სხვადასხვა ცეკვის ილეთები.
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები სტანდარტში ასეა გაწერილი:
1.მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის მიზნებია:
ა) ბავშვებში მხატვრული და მუსიკალური გემოვნების განვითარება;
ბ) მუსიკის საშუალებით ემოციების გადმოცემის უნარის განვითარება;
გ) ესთეტიკური სიამოვნების განცდის ჩვევის გამომუშავება.
2.მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვებისათვის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა ბავშვების მუსიკალური და ზოგადი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების მუსიკალურ-რიტმული, კოორდინაციისა და წარდგენის უნარების (დიაგნოსტირების შედეგების) გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების წარმოსახვის, იმპროვიზაციის უნარების, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ემოციური, მხატვრული, მუსიკალური და სხვ. განვითარების ხელშეწყობა მუსიკალური აქტივობების საშუალებით.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი რთავს ბავშვებს ერთობლივ შემოქმედებით პროცესში (გუნდური მღერა, ცეკვა/ფერხული, ინსცენირება, მუსიკალურ-რიტმული კომპოზიციების შექმნა-შესრულება) და ამით ხელს უწყობს თანამშრომლობის უნარის განვითარებას.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვებისათვის მუსიკის აღქმის უნარის განვითარება შესაბამისად შერჩეული რეპერტუარისა (სასიმღერო და მოსასმენი) და ინფორმაციის მეშვეობით.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების ასაკობრივი განვითარების შესაფერისი შინაარსის ღონისძიებების დაგეგმვა და წარმართვა.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვებთან ერთად შემოქმედებითი აქტივობის დროს/ ღონისძიებაზე ქცევის წესების შემუშავება და ამ წესების დაცვის წახალისება.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
ა) ანსამბლის ხელმძღვანელობა;
ბ) მონაწილეობა იმპროვიზაციის პროცესში;
გ) სხვადასხვა ცეკვის ილეთების ფლობა, ცეკვის ნახაზის ცოდნა;
დ) ინსტრუმენტზე დაკვრა, თანხლების გაკეთება ფორტეპიანოზე (სასურველია, სხვა საკრავზეც, მაგალითად, გიტარაზე და/ან ფანდურზეც);
ე) მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა ბავშვებთან ერთად;
ვ) ღონისძიებების მუსიკალური გაფორმება ცოცხალი შესრულებით და/ან ჩანაწერებით.
- მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად თანამშრომლობს აღმზრდელთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლებთან, ბავშვის ოჯახის წევრებთან, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ასევე ერთობლივი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
იხილეთ ასევე:
„ვინც ახლა საბავშო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი
რა პროფესიული მახასიათებლები უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმდეთ