„პაციენტი მყავდა პაწაწინა. ერთ წლამდე ყოველთვე მოჰყავდათ და ყოველ ვიზიტის ბოლოს ჩემს კითხვაზე, ხომ გაქვთ რაიმე კითხვა ჩემთან, მამა სულ ერთი და იმავეთი ინტერესდებოდა: ექიმო, თაფლი მაქვს სახლში კარგი და თაფლიანი წყალი რომ მივცე, არ შეიძლება? ჩემი პასუხიც სულ ერთი და იგივე იყო - არა!“ - ამბობს პედიატრი თამარ ოგბაიძე და დეტალურად ხსნის, რატომ არ შეიძლება წლამდე ასაკის ბავშვს თაფლი ვაჭამოთ.
„თაფლი რომ ძალიან გემრიელი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ეს ყველამ ვიცით. სწორედ ამიტომ, მშობლები ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რა ასაკიდან შეიძლება გავასინჯოთ ეს პროდუქტი პატარას. შეიძლება თუ არა გავასინჯოთ წლამდე ასაკის ჩვილს? პასუხი არის ცალსახა - არა, არ უნდა გაასინჯოთ და განა იმიტომ, რომ ეს ალერგიული პროდუქტია, არამედ იმიტომ, რომ მასთან არის ასოცირებული საკმაოდ მძიმე დაავადება, სახელად ინფანტილური ბოტულიზმი...
ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის სპორები არის გარემოში. როდესაც ეს სპორები ხვდება მაგალითად, კონსერვში, რომელსაც სახლში ამზადებენ, ასეთ დროს, უჰაერო გარემოში, კონსერვის შიგნით, გამოდის სპორებიდან ზრდასრული ფორმები, რომლებიც გამოიმუშავებენ ძალიან საშიშ ტოქსინს, ბოტულინოტოქსინს და სამწუხაროდ, ეს დაავადება მთავრდება ხოლმე ფატალურად“, - ამბობს პედიატრი.
რაც შეეხება თაფლს, ექიმის თქმით, თაფლი შეიძლება იყოს დაბინძურებული სწორედ ბოტულიზმის გამომწვევი სპორებით, რომელიც ჩვილის ნაწლავებში იწყებს გარდაქმნას და ეს გარდაქმნილი ვეგეტაციური ფორმები გამოყოფენ ბოტულინოტოქსინს.
„ვინაიდან ჩვილს არ შეუძლია ამ ტოქსინის გაუვნებელყოფა, მასთან გამოვლინდება საკმაოდ საშიში დაავადება, სახელად ინფანტილური ბოტულიზმი, რომელიც ხასიათდება ბავშვის სისუსტით, რომელიც უეცრად იწყებს გამოვლენას, კუნთების სისუსტით, ზოგჯერ დამბლებით და ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით. ყოველივე ეს თუ არის გამოხატული, ბავშვი დაუყოვნებლივ საჭიროებს სტაციონარში გადაყვანას“, - აცხადებს თამარ ოგბაიძე.
რაც შეეხება კითხვას, რომ თუკი თაფლი შეიძლება დაბინძურებული იყოს ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის სპორებით, წლის ასაკის ზემოთ რა ხდება, ან მოზრდილებისთვის რატომ არ არის ეს საფრთხე, პედიატრი პასუხობს:
„საქმე იმაშია, რომ წლის ასაკის ზემოთ ბავშვის იმუნიტეტი იმგვარად ფორმირდება, რომ მას უკვე შეუძლია გაუმკლავდეს ნაწლავებში ამ ტოქსინს და შესაბამისად, წლის ასაკის ზემოთ, ბოტულიზმის ეს ფორმა უკვე აღარ ვითარდება“.
იხილეთ ასევე:
არასოდეს შეხედოთ პირდაპირ მზეს - რა უნდა ვიცოდეთ მხედველობის შესახებ