დღის თემა
etaloni.ge
როგორ დაფრინავენ ვირუსული ბაქტერიები? - მეთოდი, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელმა პატარებს უნდა ასწავლოს
14.11.2022

ახლა ის პერიოდია, როდესაც ბაღებსა და სკოლებში ვირუსული ინფექციები ფართოდ არის გავრცელებული.

იმისათვის, რომ პატარებმა კარგად გაიგონ ვირუსული ბაქტერიების შესახებ და დაინფიცირების შემთხვევაში შესაბამისადაც მოიქცნენ, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისათვის რეკომენდირებულია აქტივობები, რომელიც პატარებთან ერთად უნდა განახორციელონ.

აუცილებელია, ბავშვები გაეცნონ, როგორ ვრცელდება ბაქტერიები დახველებისა და დაცემინების დროს და ასევე - ჰიგიენის დაცვის წესებს.

იმისათვის, რომ პატარებამდე ადვილად მიიტანოთ აღნიშნული საკითხი, აღმზრდელს შეუძლია, ჯგუფში განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, რომლისთვისაც დაგჭირდებათ:

ერთჯერადი ცხვირსახოცები, გასაბერი ბუშტი, დაჭრილი ბრჭყვიალა ქაღალდები, პატარა ძაბრი, ბუშტების გასაბერი.

მომზადება:

ბუშტზე დაამაგრეთ ძაბრი და მისი მეშვეობით ბუშტში ჩაყარეთ პატარებად დაჭრილი ბრჭყვიალა ქაღალდები. შემდეგ ბუშტი გაბერეთ და ძაფი შემოახვიეთ.

განხორციელება:

ბავშვებს აჩვენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცები და ჰკითხეთ, ხომ არ იციან, რისთვის გვჭირდება? ჰკითხეთ ასევე, გაციებული ხომ არ არის ვინმე? ხომ არ ახსოვთ, როგორ გრძნობდნენ თავს, როცა გაციებულები იყვნენ? თქვენი გამოცდილებაც გაუზიარეთ. უთხარით, რომ გაციების გამო ხშირად სახალისო აქტივობებს ვეთიშებით. ამიტომაც, გაციება  არცთუ ისე სასიამოვნოა. თან, ვახველებთ, ვაცემინებთ და ცხვირიდან სითხეც ჩამოგვდის. აუხსენით, რომ სწორედ ბაქტერიების და ვირუსების, ამ პატარა არსებების გამო ვცივდებით. უთხარით, რომ ეს პატარა არსებები ძალიან სწრაფად დაფრინავენ.

ჰკითხეთ ბავშვებს, რა დაფრინავს მათი აზრით სწრაფად

ბუშტი ისე დაიჭირეთ, რომ შიგნით ჩაყრილი ქაღალდები ქვემოთ მოგროვდეს, შემდეგ მოხსენით ძაფი და ხელი გაუშვით. ბუშტი აფრინდება და ფერადი ქაღალდებიც აქეთ-იქით მიმოიფანტება. აუხსენით ბავშვებს, რომ ბაქტერიებიც ასე სწრაფად გამოფრინდებიან ჩვენი ცხვირიდან, როცა ვაცემინებთ.

ხელი რომ ავიფაროთ დაცემინებისას, მაშინ რა მოხდება?

ამის ახსნის დროს აღმზრდელმა უნდა დააცემინოს, ხელი აიფაროს, მერე ხელზე ბრჭყვიალა წებო დაისხას და თანაშემწეს ხელით ხელზე შეხებით მიესალმოს.

აუხსენით: ასე გადაედება გაციება თქვენს მეგობარსაც, როგორც ეს „ბაქტერიები“ გადაედო ხელზე თქვენს თანაშემწეს.

როგორ შევაჩეროთ ბაქტერიები?

აღმზრდელი ბავშვებს ერთჯერად ხელსახოცებს აჩვენებს. სწორედ ამ ჯადოსნური ხელსახოცებით ვაჩერებთ ბაქტერიებს. აღმზრდელი აჩვენებს ბავშვებს როგორ ჩაბერონ ცხვირით ხელსახოცში და ხელსახოცი ნაგვის ყუთში ჩააგდონ. დაურიგეთ ბავშვებს ხელსახოცები და შესთავაზეთ, იგივე გაიმეორონ სურვილისამებრ.

ამ დროს თანაშემწე კითხულობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ხელსახოცი სახლში დაგვრჩა. აღმზრდელი დაფიქრდება და იტყვის:

ხელში არასოდეს არ უნდა დავაცემინოთ ან დავახველოთ. ასეთ დროს ჩვენი მკლავები უნდა დავიხმაროთო.

ამავდროულად, უნდა აჩვენოს ბავშვებს, როგორ უნდა დავახველოთ ან დავაცემინოთ მკლავში. ბავშვებსაც სურვილისამებრ გაამეორებინებს აქტივობას.

ფიზიკური გარემო

ჯგუფში გამოყავით ადგილი, სადაც ყოველთვის იდება ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები. ბავშვებს გააცანით ეს ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ პირადი ერთჯერადი ცხვისახოცი არ აქვთ, წაახალისეთ ბავშვი, დამოუკიდებლად აიღოს ჯგუფში არსებული ერთჯერადი ხელსახოცი.

სოციალური გარემო და აღმზრდელის და თანაშემწის როლი

წაახალისეთ ბავშვები დახველების და დაცემინების დროს გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცი. ყოველთვის შეაქეთ ბავშვები, როცა დამოუკიდებლად მოიხმარენ ხელსახოცს.

მშობლებთან თანამშრომლობა

მშობლებს მოუყევით იმ დღის შესახებ, როდესაც ბაქტერიებზე ისაუბრეთ. შესთავაზეთ, სახლშიც გააგრძელონ საუბარი აღნიშნულ საკითხზე. ბავშვებს კი სთხოვეთ, სახლში ოჯახის წევრებს ასწავლონ დახველების და დაცემინების დროს როგორ უნდა მოიქცნენ.

ურჩიეთ მშობლებს, ბავშვებს გამოატანონ ერთჯერადი ხელსახოცები. შეგიძლიათ, ხელსახოცები ბავშვების კარადაში მოათავსოთ, რომელსაც მშობელი რეგულარულად შეამოწმებს და როგორც კი გათავდება, გამოატანს ბავშვს.

მშობლებს ესაუბრეთ ბავშვის უნარზე, დამოუკიდებლად მოიწმინდოს ცხვირი. ურჩიეთ წაახალისონ ეს პროცესი დადებითი განმამტკიცებლით.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი

ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მისწვდეს საჭირო ნივთს - დოკუმენტში გაწერილი უსაფრთხო გარემოს სტანდრტები საბავშვო ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი