დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის აღმზრდელმა პატარას ამ დროს მშვიდი თამაშები უნდა შესთავაზოს
12.01.2023

ძილი და დასვენება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გამოუძინებელი, დაღლილი ბავშვი გაღიზიანებულია და უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ბაღში ყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს ძილის ან დასვენების საშუალება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძილის საჭიროება ინდივიდუალურია და თუ ბავშვს არ სურს დაძინება, იძულება და ძალდატანებით ლოგინში ჩაწვენა ბავშვზე ორიენტირებული გარემოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვს დღე-ღამეში 10-13 საათი უნდა ეძინოს. ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით, ძილისთვის აუცილებელი საათები ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია ძილის ციკლი - ზოგი ბავშვი ერთ ჯერზე, მხოლოდ ღამით იძინებს მისთვის საჭირო დროით, ზოგი კი დღეში რამდენჯერმე იძინებს და მთლიანობაში გამოძინებული საათებით იკმაყოფილებს საჭიროებას.

მიუხედავად იმისა, იძინებს თუ არა ბავშვი დღისით, მას საბავშვო ბაღში მაინც უნდა ჰქონდეს თუნდაც დასვენების საშუალება, რაც იმას გულისხმობს, რომ ჯგუფის სივრცეში უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ წამოწვნენ, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე საწოლი ჯგუფში, რბილი ხალიჩა, მატრასი და ა.შ.

ბაგაშიც კი არიან ბავშვები, რომლებიც არ იძინებენ და სტანდარტის მიხედვით, აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შექმნილი გარემო ასეთი ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ მშვიდი საქმიანობა. დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩუმად იჯდეს ან იწვეს და უცდიდეს ჯგუფელების გამოღვიძებას. თუ ბავშვს არ სჭირდება ძილი მაშინ, როცა მისი ჯგუფელები იძინებენ, მეგობრების გაღვიძებამდე, აღმზრდელმა თავის შესაქცევად მშვიდი თამაშები უნდა შესთავაზოს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით კი, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე 120 სმ უნდა იყოს, სიგანე – 60 სმ, სიმაღლის მარეგულირებლითა და ზღუდით. 3-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე – 140 სმ უნდა იყოს,  სიგანე – 60 სმ. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების, აგრეთვე ჩაშენებული 1 ან 2-სართულიანი საწოლების გამოყენება.

რაც შეეხება ჰიგიენურ ნორმებს, ამავე კანონის მიხედვით, თეთრეული უნდა იყოს მარკირებული და მისი გამოცვლა უნდა ხდებოდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთხელ. სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეული უნდა ინახებოდეს ერთმანეთისგან განცალკევებით. წელიწადში ერთხელ ლოგინს - ბალიში, ლეიბი, მატრასი - უნდა ჩაუტარდეს ქიმიური წმენდა.

საძინებელ ოთახებში გამჭოლი განიავება უნდა ხორციელდებოდეს ბავშვების არყოფნის დროს. წელიწადის ცივ დროს სარკმლები, ფრამუგები უნდა დაიკეტოს ბავშვების დაძინებამდე 30 წუთით ადრე, შემდეგ გაიღოს ძილის დროს ცალმხრივად და დაიკეტოს გაღვიძებამდე, ადგომამდე 30 წუთით ადრე. წლის თბილ სეზონზე ძილის დროს ფანჯრები ღია უნდა იყოს, თუმცა უნდა მოარიდონ გამჭოლ ქარს.

იხილეთ ასევე:

რა უნდა გაითვალისწინოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ჯგუფში წიგნის კითხვისას

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი