წიგნის კითხვის მოსმენასთან, წიგნის დათვალიერებასთან, ნაწერის ამოცნობასთან დაკავშირებული აქტივობები წერისა და კითხვის უნარების წარმატებული განვთარების საწინდარია. ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც ის ბავშებს წიგნს უკითხავს.
წიგნები ბავშვებს ახალ სამყაროსთან აკავშირებს. როდესაც ბავშვს ვუკითხავთ, მის გონებას ზრდასა და განვითარებაში ვეხმარებით. წიგნში ნახატები და სიტყვები ყოველთვის ხელმისაწვდომია, მეტყველებისას წარმოთქმული სიტყვებისაგან განსხვავებით, ისინი არსად ქრება, მათთან მიბრუნება ყოველ ჯერზე შეიძლება. ეს ბავშვისათვის ახალი სიტყვების შესწავლას და ახალი სამყაროს აღმოჩენას ბევრად ამარტივებს.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვებისათვის წიგნების წაკითხვას და ამბების მოყოლას, მით უფრო მალე გახდება კითხვა ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილი.
კითხვის უნარების გასავითარებლად, ბავშვისათვის ხმამაღლა წაკითხვა ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს წიგნს უკითხავთ?
დაჯექით ერთმანეთთან ახლოს, სასურველია ერთ სიმაღლეზე და ისე, რომ ერთმანეთს უყურებდეთ და ერთმანეთის სახის გამომეტყველებების გაცვლა შეგეძლოთ.
წიგნის კითხვის და ამბების მოყოლის დრო, დიალოგის დროცაა და არა მხოლოდ ჯდომისა და მოსმენის. ამ პროცესში ბავშვი აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
შესაძლებელია ბავშვებმა ერთ კონკრეტულ გვერდზე უფრო დიდხანს მოანდომონ შეყოვნება და სურათის დათვალიერება ან მომხდარზე კითხვების დასმა. მიეცით, მათ ამის საშუალება.
როდესაც წიგნს უკითხავ ბავშვებს არაა აუცილებელი, დაიწყო თავიდან. თუ ეს ბავშვს უნდა, შეგიძლიათ გამოტოვოთ გვერდები ან არ დაასრულოთ კითხვა, მთავარია შედგეს ინტერაქცია.
შეგიძლიათ, მხოლოდ ნახატებზე ისაუბროთ და სიტყვები არ წაიკითხოთ.
შეგიძლიათ, სიტყვები შეცვალოთ, გაამარტივოთ თხრობისას.
შეგიძლიათ, ერთიდაიგივე წიგნი ერთ დაჯდომაზე რამდენჯერმე წაიკითხოთ.
ყველა საბავშვო წიგნი კარგად დაწერილი არ არის. კითხვისას გაამარტივეთ და შეამოკლეთ წინადადებები, გამოყავით, ხმამაღლა წარმოთქვით საკვანძო სიტყვები, კითხვისას, თხრობისას ცვალეთ ინტონაცია, ისაუბრეთ ნელა და მიეცით ბავშვს საშუალება ჩაერთოს, მიუთითეთ ბავშვებს კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობაზე ნახატების ჩვენებით.
ბავშვებს უყვართ ერთი და იგივე ზღაპრის ან მოთხრობის ბევრჯერ მოსმენა. მიეცით მათ ამის საშუალება, გამეორებოთ ისინი სიტყვებსა და წინადადებებს უკეთ სწავლობენ. ბავშვებმა ხშირად უნდა მოისმინონ ერთი და იგივე, ლექსები, სიმღერები და ტექსტები, რათა შეძლონ მომდევნო სიტყვის წინასწარ განჭვრეტა და არსებული სიტყვათა მარაგის გამოყენება. უფროსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ უნარის განვითარებას, როლურ თამაშებზე რაიმე ისტორიის ან ამბის მიბმით, ან ისეთი აქტივობის მოფიქრებით, რომელიც ისტორიების მოფიქრებას მოითხოვს.
წაუკითხეთ ზღაპარი ან პატარა მოთხრობა ბავშვებს და შემდეგ წაიკითხეთ იგივე ზღაპარი შეკითხვების დასმით. სთხოვეთ ბავშვებს, მოუსმინონ საკვანძო სიტყვებს. დაგჭირდებათ ძირითადი სიტყვების მიმანიშნებელი საგნები, რომ ბავშვებმა ეს ძირითადი სიტყვები კარგად დაიმახსოვრონ. მაგალითად, თუ თქვენ უკითხავთ წითელქუდას, ამ ზღაპრის საკვანძო სიტყვები იქნება: ქუდი, მგელი, ბებია, წითელი, მონადირე. შესაბამისად, დაგჭირდებათ ამ სიტყვების აღმნიშვნელი ნივთების მომარაგება. დაურიგეთ ბავშვებს ნივთები და სთხოვეთ, დაელოდონ, როდის გაიგონებენ იმ საგნის სახელს, რომელიც მათ შეხვდათ. წაუკითხეთ ბავშვებს ნელა და მხატვრულად. თუ ბავშვი გამოტოვებს თავის სიტყვას, უთხარით „მომისმინე მე მთავარი სიტყვა გავიგონე“ და გაიმეორეთ ეს სიტყვა კიდევ ერთხელ.
გაითვალისწინეთ, რომ წიგნი, რომელსაც ბავშვებს უკითხავთ ყოველთვის მათ ხელმისაწვდომ ადგილზე იდოს. ეს ხელს უწყობს ბავშვებს, გაავარჯიშონ ახალი სიტყვები თამაშის და განტვირთვის დროს.
იხილეთ ასევე:
12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის
4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის