ახალი წელი მოახლოვდა და საბავშო ბაღების გაერთიანებებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საჩუქრების შესაძენად სატენდერო ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს და საახალწლო ტკბილეულიც შეიძინეს.
ცოტა ხნის წინ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაერთიანებაში შემავალი ბაღების აღსაზრდელებისთვის მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი საახალწლო საჩუქრების შესყიდვასთან დაკავშირებით და საჩუქრები უკვე შესყიდულია. საჩუქარს მიიღებს გაერთიანების საბავშვო ბაგა-ბაღებსა და ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი.
ახალი წლის საჩუქრებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 24 საბავშვო ბაღის 1 500 აღსაზრდელისთვის 41 850 ლარი დახარჯა. სასაჩუქრე ნობათი თეთრი ფერის გამჭირვალე ნაჭერში იქნება მოთავსებული, რომელსაც ექნება დასვრეტილი ფაქტურა.
„ქისას ქსოვილი გათვლილი მაქსიმალურ სიმტკიცეზე, არასვლადი მტკიცე ქსოვით. ქისა იკვრება ზონარით, გარეგნული ეფექტით. ქისის ზონარზე უნდა იყოს მიმაგრებული ლამინირებული მისალოცი ბარათი წარწერით ქართული ასოებით: ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება გილოცავთ შობა- ახალ წელს. გაფორმებული საახალწლო ატრიბუტიკით 2023“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
წყალტუბოელი ბავშები ქისით ჟელირებულ კანფეტს, ნუგას ბატონს, შოკოლადის ბატონს, ფერად დრაჟეს არაქისით, კანფეტს ქოქოსით, რძიან შოკოლადს ხრაშუნა ვაფლით, შაქარყინულოვანი სფეროსებურ კარამელს ჯოხით, ორცხობილას, ტყუპ ბატონს რძიანი ნუგით, თხილის ბატონს და შოკოლადის მარცვლოვან ბატონს მიიღებენ.
საჩხერის საბავშვო ბაღების გაერთიანების თოვლის ბაბუა უკვე მზად არის პატარებთან შესახვედრად. თოვლის ბაბუა 23 საბავშვო ბაღში 1143 აღსაზრდელს მიულოცავს ახალ წელს. მუნიციპალიტეტმა ამ საჩუქრებისთვის 10 319 ლარი გაიღო.
საჩხერელი ბავშვები მუყაოს, ახალი წლის ატრიბუტიკით გაფორმებულ სასაჩუქრე პაკეტით სხვადასხვაგვარ შოკოლადს, კანფეტებსა და ნამცხვრებს მიიღებენ, სადაც აწერია, რომ პატარებს ახალ წელს „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ ულოცავს.
იხილეთ ასევე: