დღის თემა
etaloni.ge
რომელ რიტუალში მონაწილეობაა ბავშვებისთვის აუცილებელი ბარბარობა დღეს
16.12.2022

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

„ამ დღეს ყველაზე კარგი, რასაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის გააკეთებენ, ის არის, რომ ტაძარში, მსახურებაზე მიიყვანონ და აზიარონ“, - ამბობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე ბერი, მამა იოვანე მჭედლიშვილი skolamdelebi.ge-სთან.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მაკრიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო. გადმოცემის მიხედვით, ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მას თავი საკუთარმა მამამ მოკვეთა...

წმინდა ბარბარეს ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.

მამა იოანე skolamdelebi.ge-ს ამ დღესთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და წესებზე მოუყვა.

- მამა იოვანე, როგორ უნდა მოიქცნენ პატარები ბარბარობის დღესასწაულზე, რაიმე რიტუალი ან წესი თუ არსებობს?

მამა იოვანე მჭედლიშვილი: დიდმოწამე ბარბარე ძალიან დიდი შემწე და მფარველია ყველა ადამიანის და ტრადიციულად ითვლება, რომ ყველაზე მეტად ბავშვებს მფარველობს. ამ დღეს ყველაზე კარგი, რასაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის გააკეთებენ, ის არის, რომ ტაძარში, მსახურებაზე მიიყვანონ და აზიარონ. ამაზე კარგს საკუთარ შვილებს ვერაფერს ასწავლიან. ლობიანის ცხობა და ოჯახურ გარემოში აღნიშვნა, რა თქმა უმდა, კარგია, მაგრამ წირვაზე წაყვანა და ზიარებაა ყველაზე მთავარია ამ დღეს.

- ზიარებისთვის ქრისტიანები განსაკუთრებულად ემზადებიან. ბავშვების ზიარებისთვის რომელი წესების დაცვაა აუცილებელი წმინდა ზიარების მისაღებად?

- მთავარია, ბავშვი იყოს მართლმადიდებლურად მონათლული. ტაძრებში წირვა ამ დღეს დილის 9 საათზე იწყება. ყველაზე დიდი რამ, რაც ქრისტემ მოგვცა ადამიანებს, ეს მისი სისხლი და ხორცია. შესაბამისად, ამაზე დიდს და კარგს ვერაფერს მივცემთ ამ დღეს ბავშვებს.

6 წლამდე ბავშვებს არ ვთხოვთ აღსარების ჩაბარებას. 6 წლიდან იწყებენ აღსარების ჩაბარებას. გვიყვებიან, რომ მშობლებს აბრაზებენ. ჩვენ კი ვურჩევთ, როგორ მოიქცნენ, რომ მშობლები აღარ გააბრაზონ, კარგად ისწავლონ... ეს უფრო მოტივაციისთვის სჭირდება ბავშვს, ვიდრე იმის გასააზრებლად, რომ ის ცოდვილია და ა.შ. 5 წლამდე ბავშვები ალბათ ვერ შეძლებენ, უზმოზე იყვნენ ზიარებისთვის, მაგრამ 5 წლის ასაკიდან, კარგი იქნება, თუ არ ექნებათ მიღებული საუზმე.

- რატომ ითვლება წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად, რა ნიშნით გამოირჩა?

- თვითონ დიდი არ ყოფილა წმინდა ბარბარე, პატარა ასაკის, ალბათ 15-იოდე წლის იყო, როდესაც ქრისტიანობის გამო საკუთარმა მამამ აწამა და ამიტომაც ითვლება ბავშვების მფარველად, თუმცა მას სხვა ბევრ რამესაც ევედრებიან. მაგალითად, უზიარებელი რომ არ წავიდეს ადმიანი ამქვეყნად. ამიტომაც არის კარგი ამ დღეს ბავშვების ზიარება. პატრიარქმა თქვა რამდენიმე წლის წინ, ვინც ევედრება წმინდა ბარბარეს, ის იმქვეყნად უზიარებელი არ მიდის - გარდაცვალების წინ ღმერთი მას აუცილებლად ზიარების ღირსად ხდის და ადამიანი ეზიარება წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისასო. რადგან თავადაც ბავშვი იყო, მათი განსაკუთრებული შემწე გახდა და ადამიანებმა საკუთარი შვილები ამ წმინდანს მიანდეს.

- ჩვენს რეალობაში ბარბარობა დღე ლობიანებით აღინიშნება. როგორ თვლის ეკლესია, ეს აუცილებელი რიტუალია?

-წმინდა ბარბარე დაახლოებით 1500-1600 წლის წინ ეწამა და ლობიო საქართველოში შემოვიდა 3-4 საუკუნის წინ. შესაბამისად, ეს ტრადიცია მანამდე ვერც იქნებოდა. რადგან მარხვაა და ლობიანიც სამარხვოდ ითვლება, რაღაცნაირად დაუკავშირდა ეს ყველაფერი ერთმანეთს და უფრო ტრადიციაა, ვიდრე წესი, რაც ადამიანებმა მოიგონეს. ის, რომ აუცილებელია ლობიანის ცხობა, ეს ეკლესიური წესებისგან შორს დგას.  

- ზოგი ბედობად თვლის 17 დეკემბერი, ზოგი მეკვლეობის დღედ მიიჩნევს...

- უწმინდესმაც ახსენა ერთხელ ქადაგების დროს ამ დღეს ბედობა. ოღონდ ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. დღესასწაულს ან თუნდაც ნებისმიერ დღეს ადამიანი თუ დაიწყებს სწორი და კეთილი საქმით, ის გაყვება მთელი დღის თუ წლის განმავლობაში და შეიძლება ემოციურად თუ ფსიქოლოგიურადაც წაგადგეს. ბედობა ისე კი არ უნდა გავიგოთ, ადამიანებს რომ ჰგონიათ, მაგალითად 2 იანვარი და ცდილობენ, რაიმე განსაკუთრებული გააკეთონ ამ დღეს და ყველაფერი კარგად ექნებათ. თუ გინდა, რომ ახალი წელი კარგი განწყობით და სიხარულით დაიწყო, უნდა ეზიარო, ღმერთის სიყვარული შეიგრძნო. ღმერთით უნდა დაიწყო ყველაფერი და თავისთავად ღმერთით მოხდება ყველაფერი იმ წელსაც.

კვირა დღეს იცით რატომ არის აუცილებელი ტაძარში მისვლა და ზიარება? სახარებაში რომ ნახოთ, კვირა დღეს ერქვა ერთშაბათი, ანუ პირველი დღე იყო კვირისა და მერე გრძელდებოდა ორშაბათით, სამშაბათით... ეს კვირის პირველი დღეა და არა მეშვიდე. ამ დღეს ეზიარებოდნენ, აღსარებას ამბობდნენ, ლოცვა-კურთხევას სთხოვდნენ ღმერთს. ანუ კვირის პირველ დღეს ლოცვა-კურთხევას იღებდნენ და ასე იბედებდნენ მშვიდ მომავალს. ასე უნდა იყოს წლის დასაწყისის თუ დღესასწაულის დროსაც.

ყველა ბავშვს ვთხოვ, წაიკითხონ, წმინდა ბარბარეს ცხოვრება. ვისაც კითხვა არ შეუძლია, მშობლებმა ზღაპარივით მოუყვნენ ეს ამბავია. პატარა ადამიანი 15 წლის ასაკში როგორ ეწამა ქრისტესთვის, ამის გააზრება ბავშვებისთვის უდიდესი მაგალითია, რომ ქრისტე არასოდეს მიატოვონ. ბავშვი უნდა გაიზარდოს იმ შეგრძნებით, რომ მთავარი ღირებულება ქრისტიანობაა და მერე სხვა დანარჩენი.

იხილეთ ასევე:

წმინდა გიორგის ამბავი და ზვიად გამსახურდიას ლექსი

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი