23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ის ბორბალზე დააკრეს და ისე აწამეს.
წმინდა გიორგი კაბადოკიაში, დაახლოებით 275 წელს დაიბადა. ქრისტიანობის გამო მას მუცლში ლახვრი ჩაასვეს, მაგრამ წმინდანის ხორცთან შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ, მეფე დეოკლიტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა, მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი განიკურნა. ბოლოს კი მას თავი მოჰკვეთეს...
ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში გამოსახავენ, რომლითაც მხეცს კლავს. გადმოცემის თანახმად, გიორგიმ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით გველეშაპი განგმირა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.
მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
23 ნოემბერს მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ. ძველი დროიდანვე საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. ქართველებმა მასზე ლექსებიც შექმნეს.
ხალხური ლექსი წმინდა გიორგიზე ასე გვიამბობს:
„წმინდა გიორგი ცხენზე ზის,
ქვეშ უქრის ნიავქარია,
მხარზედა ჰკიდავნ მათრახი
სამოცდა სამი მხარია.
ვისაც დაუქნევს, დააჩნევს -
მისი დაკრული მწარია.
შამაუარა საყმოთა,
სულ შააგროვა ყმანია,
უგულოს გული ჩაუდგა,
წელზედ შააბა ხმალია“.
წმინდა გიორგის ლექსი მიუძღვნა ასევე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, მეცნიერ-ფილოლოგმა, მწერალმა ზვიად გამსახურდიამ:
წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი - გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.