არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი მივარდნილი იყოს, რათა ბაღში არ გავუშვათ, - ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ექიმი ამბობს, რომ ბავშვი, რომელსაც მინიმალური სიმპტომები მაინც აქვს და ექიმი არ მოგვცემს ნებართვას, რომ ის სხვისთვის ნაკლებად სახიფათოა, სახლში უნდა დარჩეს. მისი განმარტებით, თუ ბოლო ცხელებიდან 24-დან 48 საათამდე გავიდა, ბავშვი გადამდები აღარ უნდა იყოს.
რაც შეეხება იმ სიმპტომებს, თუ რა დროს უნდა გავამახვლოთ ყურადღება, რომ ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ავარიდოთ, ჩახუნაშვილი განმარტავს:
„უნდა ვაკონტროლოთ სუნთქვა - არის თუ არა ქოშინი, არის თუ არა ადვილად დაღლა. გარდა ამისა, ბავშვებში ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ შეიძლება სითხეებს არ იღებდეს, იმიტომ, რომ ყელი სტკივა. ინფექცია შეიძლება ბავშვმა მოითავოს, მაგრამ გაუწყლოებამ უკვე სხვადასხვა ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს და ამის გამო მოგვიწიოს კლინიკაში წასვლა... გადასხმამდე რომ არ მივიდეთ, ჯობია, ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ. ელექტროლიტები სპეციფიკური გემოებითაც იყიდება და ბავშვებს შეგვიძლია შევურჩიოთ.
ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ბავშვი არ იყოს ძალიან მივარდნილი იმ დროს, როდესაც ტემპერატურა არ აქვს... ტემპერატურა დავუწიეთ და წესით ამ დროს ბავშვი უკვე აქტიური უნდა გახდეს. თუ არ გახდა აქტიური, ე.ი. უკვე უნდა მივიყვანოთ ექიმთან, რომ შევაფასოთ, გაუწყლოება ხომ არ არის დაწყებული, ხომ არ მიმდინარეობს ინფექცია მძიმედ, ფილტვის ნაწილი ხომ არ არის დაზიანებული ან სხვადასხვა ორგანოები ხომ არ არის ჩართული უკვე ამ ყველაფერში“.
ექიმი პედიატრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკი არ სჭირდება, თუმცა ამ ინფექციის დროს შეიძლება დაიხოცოს იმუნური უჯრედების ნაწილი, დასუსტდეს იმუნიტეტი და იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობს ძალიან ბევრი ბაქტერია, გარემოშიც ბევრ ბაქტერიასთან გვაქვს კონტაქტი, შესაძლოა, მათ დრო იხელთონ და გამრავლდნენ, რა დროსაც აუცილებელია ანტიბიოტიკის ჩართვა, მშობელი კი ამ მდგომარეობას ვერ შეაფასებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი ტემპერატურის დროს უნდა მივცეთ პატარებს სიცხის დამწევი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მშობლებს ასეთ რეკომენდაციას აძლევს:
„37.5-ის ზემოთ ითვლება, რომ ტემპერატურა მომატებულია. 38 გრადუსის ზემოთ კი უკვე ცხელებაა. 38.5-გრადუსამდე სიცხის დამწევის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, თუ ბავშვი მივარდა 38 გრადუსზე, უკვე უნდა მივცეთ. 38.5-მდე დამცველობითი რეაქციაა ცხელება, რაც ეხმარება ორგანიზმს ბრძოლაში. 37.5-ზე არ უნდა მივცეთ დამწევი, რომ არ გამოვიწვიოთ ამისთვის ხელის შეშლა. 38-დან 38.5-მდე გააჩნია, ბავშვი როგორ მდგომარეობაშია. 37.5-დან 38 გრადუსამდე კი არ უნდა მივცეთ დამწევი და დაველოდოთ“.
პედიატრის ინფორმაციით, ამ პერიოდში მოცირკულარე ვირუსების დროს ცხელება შეიძლება 10 დღეც გაგრძელდეს. ამ დროს კი დინამიკაა გასათვალისწინებელი.
„პირველ დღეს თუ იყო ცხელება, დამწევი მივეცით და 4 საათში აუწია, ეს დროები დანიშნული უნდა გვქონდეს და მეხუთე დღიდან უნდა დაიწყოს ამ დროებს შორის ინტერვალის ზრდა. თუ ინტერვალის ზრდა დაიწყო, ესე იგი, დადებითი დინამიკა გვაქვს და ექიმთან განმეორებითი ვიზიტი არ უნდა დაგვჭირდეს“, - ამბობს ექიმი.
იხილეთ ასევე: