დღის თემა
etaloni.ge
„მასწავლებლები საშინელ დღეში ვართ, პატარებს ჩვენთან მოსვლა და ჩახუტება უნდათ“, - რაში ადანაშაულებენ აღმზრდელები მშობლებს
21.11.2022

საბავშვო ბაღებში ვირუსული ინფექციების გავრცელება უსწრაფესი ტემპით ხდება, რასაც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლები, skolamdelebi.ge-სთან საუბარში, მშობლების გულგრილობას აბრალებენ.

ქვეყანა კი ისედაც გრიპის შემთხვევების პიკის მოლოდინშია - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მონაცემების მიხედვით, ახლა ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ასევე, ფიქსირდება H1-N1 ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები.

„წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი, კორონავირუსი, რომელიც არსად არ გამქრალა, გრიპის ვირუსი და მესამე ტიპის ვირუსი, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა აქამდე ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელი წელი ამ ვირუსის თვალსაზრისით გამორჩეულია და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ ვირუსის შემთხვევების მატებამ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა განაპირობა. ეს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი, ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ღრმა, ხშირი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსისთვის, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში“, - ამბობს ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

ჩინეთი კი ისევ „ლოქდაუნის“ რეჟიმში ცხოვრებაზე გადადის. ვირუსის გამო, რიგ ქალაქებში სკოლების ნაწილი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა შემთხვევები სწრაფი ტემპით იზრდება.

როგორც საბავშვო ბაღების აღმზრდელები და აღმზრდელების თანაშემწეები ჩვენთან საუბარში ყვებიან,  მშობლები წამლებს აძლევენ ვირუსიან ბავშვებს და ისე მიჰყავთ საბავშვო ბაღში.   

„ხედავ, ბავშვი გაციებულია - ცხვირიდან მოსდის, აცემინებს თუ ახველებს და ამ დროს, ზოგი მშობელი, წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, გეუბნება, იცით, ალერგია აქვსო. ამ დროს, თუ თავისი შვილი არ არის ვირუსიანი და სხვისი დაინახა თუნდაც იგივე მდგომარეობაში, პანიკას აწევს. ამ დროს სიმართლეს მხოლოდ ბავშვები ამბობენ - დედამ შემასხურა ცხვირში და ისე წამოვედიო, მახველებდა, სიცხე მქონდა და დედამ მაინც წამომიყვანაო, - უთქვამთ პატარებს“, - გვიყვება აღმზრდელი.

ბაღის აღმზრდელები ჩივიან, რომ როცა მშობელს ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ბავშვი ცუდად არის და სთხოვენ, სახლში წაიყვანონ, ისინი დაგვიანებით აკითხავენ, რაც ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას იწვევს.

„სიცხე თუ მისცა და ურეკავ, ბავშვი ცუდად არისო, 2 საათის მერე ან საღამოსკენ მოდიან. მესმის, რომ მუშაობენ, მაგრამ იმ 2 თუ 3 საათში სხვა ბავშვებსაც ედებათ ვირუსი. მასწავლებლები ხომ საშინელ დღეში ვართ. პატარებს ჩვენთან მოსვლა და ჩახუტება უნდათ, მით უმეტეს, როცა ცუდად არიან და თან სიცხე რომ გაუსინჯო, უნდა მოეფერო, კალთაში ჩაიჯინო, ისე ვერ გაუსინჯავ. ჩვენც გვედება მალ-მალე. ახლაც, ერთი კვირა სხვა აღმზრდელის მაგივრადაც ვიმუშავე, კვდებოდა, ისეთ დღეში იყო ის გოგო... 1 დღე რომ ცუდადაა ბავშვი, დაურეკავ, წაიყვანე, ავადაა ბავშიო, მეორე თუ არა, მესამე დღეს ისევ მოჰყავთ. ორგანიზმიდან 2 დღეში ხომ არ გადის ვირუსი და ისევ გადამდებია. ზოგი ისეთი მშობელია, კვირების განმავლობაში არ დაჰყავს ბავშვი, რადგან ეშინია და ზოგს სულ არ აინტერესებს საკუთარი შვილის ამბავი, ის ხომ სულ არ ედარდება, სხვას რომ გადასდებს მისი შვილი ვირუსს. როცა ურეკავ, ბავშვი ცუდად არის და წაიყვანეო, აქეთ აქვთ პრეტენზია - დილით არაფერი სჭირდა და ბაღში ხომ არ ცივაო. არადა, შესანიშნავი სითბო გვაქვს. გაციებული ბავშვებისთვის გვაქვს გამოყოფილი ცალკე ოთახი, მაგრამ ვინ დაუჯდება იქ მარტოს, ამდენ ბავშვს რა ვუყოთ მერე?“ - გვეუბნება თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური ბაღის აღმზრდელი.

კიდევ ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე იგივე შემთხვევების არსებობას გვიდასტურებს და გვიყვება:

„სიცხიანი, ცხვირიდან სისველე რომ მოსდის, ასეთ ბავშვებს მოიყვანენ და მერე პრეტენზია აქვთ - სახლში კარგად იყო და მანდ რა მოუვიდაო. ამ დროს ბავშვი მართლა ცუდად არის.  ამ დროს მე, როგორც აღმზრდელის თანაშემწეს, უფლება არ მაქვს მშობელს დავურეკო, სანამ ექთანი არ დაადასტურებს, რომ ბავშვი არ არის კარგად. რომ ურეკავ, წაიყვანეო, არ სიამოვნებთ.

გამოუწმენდავენ ცხვირს, დაალევინებენ სიცხის წამალს, მოიყვანენ და აქეთ აქვთ პრეტენზია. ამის გამო არასოდეს ჩერდება საბავშო ბაღში ვირუსები და მუდამ ცირკულირებს. ერთ ბავშვს ვუთხარი, ვაიმე დედი, როგორ გახველებს-მეთქი და კი, გუშინაც ძალიან მახველებდა, მაგრამ დედამ მაინც მომიყვანაო. ხომ არ ვეტყვით, შენმა შვილმა გაგთქვაო. ხშირად ალერგიას იშველიებენ, თუმცა ცნობა არ მოაქვთ. რას ჰქვია, თუ ბავშვი ალერგიულია, არ უნდა მისცენ ამის ცნობა?

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მშობელი მაინც მართალია - ასე ითვლება. დირექტორი კვირაში ორ თათბირს ატარებს - ეს არ გამოგეპაროთ, ამას მიაქციეთ ყურადღებაო. გვიხსნის, მე თქვენ ვერ დაგიცავთ, იმხელა უფლებები აქვთ მშობლებს, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ისინი იქნებიან მართლებიო. ამ დროს ჩემი ხელფასი 294 ლარია. 257 ლარი იყო, მუშაობა რომ დავიწყე. ახლა კი იმედი მაქვს, 28 ლარი მაინც მომემატება“.

იხილეთ ასევე:

„რომ გვინდა, გავარკვიოთ, სახლში რა ხდება, სახლობანას ვეთამაშებით ბავშვს და ყველაფერი ვიცით“

„მშობლებს არ უნდათ, ბავშვები ეზოში გავიდნენ“ - მიზეზები, რის გამოც ბაღის ეზო საგანმანათლებლო გარემოდ არ აღიქმება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი