დღეს, 4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე იქადაგა:
„გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.
დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი!“.
ღვთისმშობლის მშობლებს, იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ უფლისათვის შეეწირათ იგი. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს სისრულეში მოეყვანათ თავიანთი დანაპირები. უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და წმიდა გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში.
ტაძარში ღვთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. პატარა მარიამმა, ზეგარდმო ძალით, სწრაფად აიარა თხუთმეტსაფეხურიანი კიბე და ტაძარში შევიდა. პირველმღვდელმთავარმა, უფლის შეგონებით, იმ წმიდათა წმიდა საკურთხეველში შეიყვანა ბავშვი, სადაც წელიწადში ერთხელ სამღვდელოთაგან მხოლოდ მას ჰქონდა შესვლის უფლება, ტაძარში მყოფნი გაოცებას ვერ ფარავდნენ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის გამო.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დატოვეს მშობლებმა, თავად კი სახლში დაბრუნდნენ. ტაძრის გარშემო მრავალი სამყოფელი იყო, რომელშიც ღვთისმსახურები ცხოვრობდნენ. ყოვლადკურთხეული მარიამი ქალწულთა სამყოფელში დარჩა, რომელიც ტაძარშივე მდებარეობდა.
იხილეთ ასევე: