დღის თემა
etaloni.ge
ჭოლას ერთი წლის შვილიშვილი თევზს ბროკოლთან ერთად მიირთმევს
25.11.2022

ცნობილი ქართველი წყვილი, რეჟისორი ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ერთი ქალიშვილის, თინათინის, მშობლები არიან. თინათინი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და ახლა უკვე პატარა ანდროს დედაა.

ანდრო ჯერ წლისა და სამი თვის არის, თუმცა მისი ბებია უკვე გეგმავს, როგორ წაიყვანს შვილიშვილს მეუღლესთან ერთად ლუვრის მუზეუმში. მანანა კოზაკოვა skolamdelebi.ge-ს შვილიშვილზე უამბობს.

მანანა კოზაკოვა: უცნაური შეგრძნებაა შვილიშვილი. ათასი რამ მსმენია, მანამ გაჩნდებოდა - შვილიშვილი შეცვლის შენს ცხოვრებას და ა.შ. ნამდვილად ცვლის ცხოვრებას. უცნაური ის არის, რომ შენი პატარა შვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო პატარა და უსუსური, თვითონ გახდა დედა, თან - ძალიან კარგი დედა და ამის ცქერა გარედან ძალიან სასიამოვნოა. ნელ-ნელა ეცნობი ახალ არსებას.

- უფრო ლმობიერიც ხართ შვილიშვილთან?

- ნამდვილად ნაკლებად მკაცრი ხარ შვილიშვილთან. ის პასუხისმგებლობა, როდესაც დედა იყავი, ბათილდება და ტყუილად ნამდვილად არ ამბობენ, რომ უფრო ათამამებენ შვილიშვილებს ბებია-ბაბუებიო. ამ დროს საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას აძლევ. ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მნიშვნელოვან თემებზე ელაპარაკო, მაგრამ მზად ხარ, მოუმზადო რაც უყვარს, ეთამაშო... ფაქტობრივად მხოლოდ ეთამაშები და ეს სიამოვნებას განიჭებს. ჩემთვის უცხო და საინტერესოა ეს მდგომარეობა. თვითონაც ძალიან თბილი და კარგი ბავშვია.

- რა ფორმით წარმოგიდგენიათ მის აღზრდა გაზრდაში ჩართვა?

- ვფიქრობ, უფრო საგანმანათლებლო კუთხით ჩავერთვები. საშუალება თუ გვექნება... სულ ვხედავ, როგორ მივდივართ მუზეუმში ლევანთან ერთად და დაგვყავს არა დისნეილენდში, არამედ ლუვრში. ძალიან საინტერესოა ლევანთან ერთად მუზეუმებში სიარული, რადგან მერე ისეთ შედევრად, სპექტაკლად აქცევს იქ ნანახს... ამიტომაც, წარმომიდგენია, რომ ჩვენს შვილიშვილთან ერთად ასეთი ტიპის საგანმანათლებლო და საინტერესო მოგზაურობები გვექნება თუ ჯანმრთელად ვიქნებით და შევძლებთ ამის გაკეთებას.

ანდრო წიგნებით უკვე ინტერესდება. თითს დაადებს ხოლმე ნახატს და ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა ცხოველია, რა ფერის არის... ჩვენს ოჯახში მგონი, პირველი ბიჭია, სულ გოგოები ჩნდებოდნენ და ახლა მანქანებს ვაგორავებთ და ვართ ერთ ამბავში. მერე იმალება და ვეძებთ, ვითომ არ ვიცით, სად არის. ამ დროს, კარის უკან დგას. სადამდეც ფანტაზია მწვდება, იქამდე ვერთობით ერთად.

- ბატონი ლევანი როგორი ბაბუაა, თქვენსავით ეთამაშება პატარა ანდროს?

- ლევანი ისეთი ბაბუა არ არის, პატარას რომ ენას მოუჩლექს. პირიქით, სერიოზულად ელაპარაკება. როგორ ხარო, ისე სერიოზულად ეტყვის ხოლმე... „მესინჯერში“ ხელის აწევით ესალმებიან, სერიოზულ სალამს უგზავნიან ერთმანეთს. ბავშვსაც მოსწონს, როგორც დიდს, ისე რომ ელაპარაკებიან, სითბოს გამოხატავს და ლევანიც დნება. თამაშით ვერ ეთამაშება, არ ეხერხება ასეთი რამ.

ლევანს ბავშვს არც არასდროს ვუტოვებდი, რადგან შეიძლება რაღაც გამორჩეს, რადგან ახალ სპექტაკლზე ფიქრობდეს. ერთი სიტყვით, ძიძა ბაბუა არ არის. არ შეუძლია პამპერსის გამოცვლა და ა.შ. ახლანდელი მამები არიან დედებივით აქტიურები, ლევანს კი ეს არ ეხერხება.

- მის კვებაზე და ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავთ?

- ძალიან კარგი მჭამელი ბავშვია. რაც სასარგებლოა, ის ხომ, როგორც წესი, ბავშვებს არ უყვართ და ამას უყვარს. მისი პირველი სიტყვა იყო „ნამ“, რაც ნიშნავს, მეც მაჭამეთო. რასაც დაუწყობ წინ, ყველაფერს მიირთმევს. მაგალითად, ბროკოლს ჭამს თევზთან ერთად. და კიდევ... სიმღერაც იცის, სულ მღერის - „მმმმ“...

- პატარას საბავშვო ბაღში მიყვანას გეგმავთ?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, უნდა იაროს საბავშვო ბაღში. აუცილებელია ბავშვებთან ურთიერთობა. თინათინიც დადიოდა ბაღში. ისედაც თინათინს ჰგავს ვიზუალურადაც და მხიარულებითაც. თინათინი უპრობლემო ბავშვი იყო, კომუნიკაბელური. თეატრში დაგვყავდა სულ, ფაქტობრივად იქ გაიზარდა. ანდროც რომ მოდის თეატრში, ისე იქცევა, თითქოს საკუთარ სახლშია. რეპეტიციას ისე სერიოზულად უყურა... მიხვდა, რომ პერსონაჟებთან ჰქონდა საქმე - რეაგირებდა, იუმორზე ეცინებოდა. რა ესმოდა, არ ვიცი, მაგრამ ადექვატურად კი უყურებდა სცენას.

ანდრო რომ დაიბადა, დაახლოებით 8 თვე ჩვენთან ცხოვრობდნენ. ახლაც ახლოს ცხოვრობენ და ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ბებიები და ბაბუები სულ უნდა იყვნენ პატარას ცხოვრებაში. არ გავა დღე, რომ ბებიაჩემი და ბაბუაჩემი არ გამახსენდეს. ეს სულიერი და ახლა როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ფსიქოლოგიური მხარეც კია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისთვის. თუ ღირსეულ ბებია-ბაბუობას გავუწევთ, ბედნიერი ვიქნები. კარგია, როცა წყვილები მარტო ცხოვრობენ, მაგრამ ბებია-ბაბუას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. ბებიაჩემი მუშაობდა, მაგრამ თეატრსაც მან მაზიარა, მუზეუმსაც, წიგნის კითხვასაც. ყველაფერს ვასწრებდით ერთად, როცა ეცალა. მუშაობდა, კარგი დიასახლისიც იყო, მაგრამ ჩემთვის სულ ეცალა.

ვისურვებდი, ანდროს ვასწავლო შრომისმოყვარეობა, მიზნის დასახვა... ცხოვრება ისედაც ძალიან რთულია და როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, პირადი მაგალითია ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა, ინტერესი ჰქონდეს და სწორი მიზნები დაისახოს, საინტერესოდ იცხოვროს. მიზნის დასახვაში კი ამ ასაკიდანვე უნდა დაეხმარო მთელი შენი არსებითა და ცხოვრებით.

იხილეთ ასევე:

ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი