დღის თემა
etaloni.ge
ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს
07.11.2022

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც პატარა ახალციხელი პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში მოწყობილ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს ეპარება, იტეხავს და გემრიელად ილუკმება, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, პატარა ბიჭი, ახალციხელი ათუკი სამსონიძეა - 3 წლის. უკვე წელიწად ნახევარია, რაც საბავშვო ბაღში დადის. ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და სულაც არ გაუჭირდა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიჩვევა.

„ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბავშვია და ცოტა ჯიუტი. მაინცდამაინც დიდი მჭამელი არ არის, მაგრამ ხაჭაპური უყვარს ყველაზე მეტად“, - გვითხრა პატარა ბიჭის ემიგრანტმა ბებიამ, თამილა გვირჯიშვილმა, რომელსაც  პატარა ათი უზომოდ ენატრება და მისი ქმედების ამსახველმა ვიდეომ, რომელიც skolamdelebi.ge-ს ფეისბუქგვერდმა გაავრცელა, ძალიან გაახარა.

ბებია ამბობს, რომ ემიგრაციაში დღე პატარა ათიზე ფიქრით იწყება და მთავრდება.

„ათის წყალობით, საუკეთესო სტატუსით დამაჯილდოვა ღმერთმა. რაც ამჟამად ემიგრანტობას მიადვილებს, ათიზე ფიქრია. თავიდან, როდესაც ეს ვიდეო ვნახეთ, ძალიან ვიხალისეთ, შემდეგ გავოცდით, ყველგან რომ გვხვდებოდა ვიდეო და ასეთი ამბავი გამოიწვია, თან გვიხაროდა. ასე ბუნებრივად რომ მოიქცა, ამით მიიქცია ყურადღება და თავისი სასწაული ბავშვური ქმედებით მოიპოვა პოპულარობა. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, გამაბედნიერა და გამაცოცხლა. რას არ დავთმობდი,  თუნდაც წამით ჩამახუტა ათისთან“, - ყვება მონატრებული ბებია, რომელსაც ორ წელზე მეტია, რაც შვილიშვილი არ უნახავს.

ჩვენს კითხვაზე, როგორი ბიჭია ათი, რა უყვარს და რას ამბობს იმ დღის შესახებ, თამილა გვირჯიშვილმა გვიპასუხა:

„ზოგადად ძალიან ჯიუტია. თუ თვითონ სურს და მისი ნებაა, მოგიყვება ლექსს, თუ არადა - არა. თამაში უყვარს მანქანებით, თავისთვის, მარტოც შეუძლია ითამაშოს. ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი ბიჭია, ცელქი არ არის. ყოველთვის უნდა ესაუბრო მშვიდად, თუ გინდა რომ მოგისმინოს და ისე მოიქცეს, როგორც შენ გსურს. დილაობით ბაღში ფაფას არ ჭამს, არ უყვარს, უფრო კაცური საჭმელები მოსწონს. შუადღით, ზეიმის დროს, ხაჭაპურის ცდუნებას ვერ გაუძლო და მიეპარა - მშიოდაო. სულ ბედნიერი ღიმილით გიყურებს, მის თვალებში მუდამ ბედნიერების სხივს ვხედავ. უამრავი სითბო, სიყვარული, თბილი და ტკბილი კომენტარები მოდიოდა სოციალურ ქსელში და გულს მითბობდა, მაბედნიერებდა. ახლაც ბედნიერების ცრემლებით ვტირი, ათის ვიდეოს რომ ვუყურებ. ამხელა სითბოსთვის, სიყვარულისთვის თითოეული კომენტარისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას საჯაროდ. მინდა, ყველა ბებო ბედნიერი იყოს და იხაროს თავისი შვილიშვილებით“.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი