თელავის ტექნოლოგიურ პარკში მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოს მუსიკის მასწავლებლებისთვის მუსიკათერაპიის ლექცია-ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მუსიკათერაპიის ცენტრის ,,ბეკარი“-ს და ,,ლეგატო“-ს დამფუძნებელი, გერმანიაში მოღვაწე, თელაველი ქალბატონი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი უძღვებოდა.
როგორც თელავის ბაღების მართვის სააგენტო იტყობინება, „ბეკარი“ საქართველოსა და ამიერკავკასიაში დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრია და მის ღირებულების მთავარ ღერძს წარმოადგენს ინდივიდუალური ბედნიერების განცდის უფრო მაღალი ხარისხი.
მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა ბაღებს საკუთარი სახელმძღვანელოს - „ქართული სიმღერა-თამაშების“ - ელექტრონული ვერსია შესთავაზა ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით, რომელშიც არსებულ სიმღერა-თამაშებს მუსიკის მასწავლებლები აღსაზრდელებთან მუშაობისას გამოიყენებენ.
ტრენინგზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო არჩილ უთიაშვილი, რომელმაც ბაღების მუსიკის მასწავლებლებს და სააგენტოს ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა თავისი ბებიის, ქალბატონი ლუსია უთიაშვილის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო „სიმღერები და საფორტეპიანო პიესების ბავშვებისთვის“.
„ქ-ნი ლუსია 40 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ქ.თელავის N8 საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად, ხელმძღვანელობდა სკოლამდელი დაწესებულების მეთოდგაერთიანებას, აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ სამეცნიერო პედაგოგიურ კონფერენციებში. მიღებული აქვს არაერთი დიპლომი და ჯილდო. შეტანილია განათლების სამინისტროს საპატიო წიგნში, რაც მის ხელში გამოზრდილი თაობების მხრიდან დიდი სიყვარული და მადლიერება იყო. აღნიშნულ კრებულში შესული სიმღერები ქვეყნის აღსაზრდელებისათვის გახდება ყოველდღიურობა“, - ნათქვმია ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: