საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებში დიდი ხმაური გამოიწვია Etaloni.ge-ზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, მუსიკალური თერაპიის ცენტრმა - „ბეკარი“, - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ ტრენინგ-პროექტი შესთავაზა. შემოთავაზება სააგენტოსა და ფონდ „აი იას“ ერთობლივი ძალისხმევით გამოცემული სანოტო კრებულის - „ქართული სიმღერა-თამაშების“, - პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, თბილისის ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადებას, სახელმძღვანელოს გამოყენების ზედამხედველობას ითვალისწინებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იტყობინება, აღნიშნულ კრებულში შესული მუსიკალური კომპოზიციები გამიზნულია როგორც სმენის დარღვევის მქონე, ისე ტიპური განვითარების აღსაზრდელებში მუსიკალური უნარების ჩამოყალიბებისთვის.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება და ხელს შეუწყობს ბაღების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
საბავშო ბაღების აღმზრდელებმა თუ მუსიკის მასწავლებლებმა აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვაგვარად აღიქვეს და სოციალურ ქსელში ბაღის თანამშრომლების მიერ გავრცელებული კომენტარებიც ამის დასტურია.
აი, რას წერენ სხვადასხვა ბაღების თანამშრომლები თუ სხვა მოქალაქეები აღნიშნულ სიახლეზე:
„მუსიკის მასწავლებლები უნდა გადაამზადონო. კიდევ რაღაც ახალი სახელმძღვანელო უნდა დაიზუთხონო. როგორი გადაპრანჭული პედაგოგიკაა საქართველოში... მუსიკა და სიმღერა მთელი დღის განმავლობაში მაქვს ინტეგრირებული: სიმღერით ვიცვამთ, სიმღერით ვიბანთ, სიმღერით ვხელსაქმობთ და სიმღერით ვსეირნობთ. რად უნდა ამას სპეციალური მასწავლებელი, იმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგებად და იმდენი იმღერონ, რამდენიც გაუხარდებათ“;
„რომ არიან, რას აკეთებენ, თორემ კი ბატონო, გადამზადდნენ. საბჭოური ზეიმებისთვის დაასწავლიან ერთ-ორ სიმღერას და ეგ არის მუსიკის გაკვეთილი. ისე, მუსიკა იქით იყოს და ადრეული განათლება საქართველოში ჯერაც ზეიმები ჰგონიათ და სასკოლო გაკვეთილის მსგავსად ჩატარებული აქტივობები. უფრო სამწუხარო კიდევ ის არის, რომ მშობლებისგან და საზოგადოებისგანაც იგივე დაკვეთაა. ვერ გამოვედით საბჭოური მენტალიტეტიდან და რა ვქნათ?! თან, ფაქტობრივად, არაფრის კეთებაში იხარჯება ის ფინანსები, რაც შესაძლოა უფრო პროდუქტიულად დახარჯულიყო და ნურავის ნუ ეწყინება და უამრავ მკვდარ სულს არჩენს და ინახავს საქართველოს ბაღები“;
„რომ წარმოვიდგენ, ბავშვები თამაშობენ, თამაშში არიან ჩაფლულნი და შემოდის მუსიკის მასწავლებელი, მუსიკის გაკვეთილი უნდა ჩაგიტაროთო და მოსწყვეტენ ბავშვს თამაშს... თამაშზე ძვირფასი ნეტავ რა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს ამისთანა“;
„ამ სისტემაში ბევრი რამეა დასალაგებელი და ეს ყბადაღებული ტრენინგები არც კი არის ხშირად კავშირში აქტუალურ პრობლემებთან, მაგრამ რას ვიზამთ განვითარებად და იმის ქვევით მყოფ ჩვენნაირ ქვეყანაში ასეა“;
„მუსიკის აქტივობა და თამაშები გვაქვს, რომელსაც ვთავაზობთ აღსაზრდელებს. ყველა სიახლეს მივესალმები, მაგრამ 130 ლარი რომ არის ხელფასი ძალიან სამწუხაროა. უნდა შეეძლოს მუსიკის მასწავლებელს იმ აქტივობაზე ფიქრი, რაც უნდა ჩაატაროს კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს 130 ლარი რომ არ ყოფნის ოჯახისთვის, ამ დროს ჩნდება უამრავი პრობლემა“;
„ისეთი რიტმული სავარჯიშოებით წარმოდგენილი კრებულია, იმასთან შედარებით, ფორტეპიანოსთან რომ ზის მუსიკის მასწავლებელი და ირგვლივ ნახევარ წრეზე შემომსხდარ ბავშვებს ზეიმის სიმღერას აზუთხინებს, ნამდვილად პროგრესია“;
„მუსიკას ვასწავლი ბაღში და მივესალმები ყველანაირ სიახლეს. მუსიკის სწავლება მარტო ფორტეპიანოსთან ჯდომას არ ნიშნავს, სხვისი არ ვიცი და მე პირადად, სულ სიახლის ძიებაში ვარ, რის საშუალებასაც ჩემი შერეული ჯგუფი და სოფლის ბაღი მაძლევს. სიმღერასთან ერთად, რიტმიკა, მოძრაობა, მუსიკალური თამაშები... მხიარული ვარჯიშები და ცეკვაც ჩვენი მოვალეობაა. მივესალმები ყველა სიახლეს“;
„მუსიკის მასწავლებელი კი არ უნდა საუბრობდეს, უნდა მღეროდეს. სამწუხაროდ, სკოლებშიც ეგრეა - არავის ამღერებენ და არავინ იცის, ტალანტი აქვს თუ არა. უამრავი ბავშვის სურვილია, იმღეროს და არ აქვს ამის ფუფუნება, თუნდაც მუსიკის გაკვეთილზე“;
„მუსიკის მასწავლებელი საერთოდ არ მუშაობს და ტყუილად იღებს ხელფასს. არც არავინ ამოწმებს და საერთოდ მიშვებულია მუსიკა ბაღში. აღმზრდელს აქვს შეთავსებული და თვითონ ამზადებს“;
skolamdelebi.ge თბილისის მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ წიგნი უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით არის გამოცემული. მისი დაბეჭდვა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დააფინანსა და ბაღებში დაარიგა.
„ეს წიგნი ძალიან მარტივი და სპეციფიკურია განსაკუთრებით სმენის პრობლემის მქონე ბავშვების გათვალისწინებით. ჯერ მხოლოდ შემოთავაზებაა - ვთავაზობთ, პროფესიონალურ გადამზადებას. ანუ, გადავამზადოთ ისე, რომ ამ მასწავლებლებს აღარ დასჭირდეთ ზედამხედველობა, სწორად იმუშავებენ თუ არა. რა ღირებულების იქნება ეს ტრენინგი და რამდენის შესყიდვა გახდება შესაძლებელი, ცნობილი არ არის. სამწუხაროა, თუ ვინმეს განვითარება არ უნდა. ეს არის მუსიკის სანოტო სისტემის კრებული, რომელიც მხოლოდ მუსიკის მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და არა აღმზრდელებისთვის“, - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
იხილეთ ასევე: