დღის თემა
etaloni.ge
ფრაზები, რომლებსაც ბავშვები ბაღში აღმზრდელებს ეუბნებიან - „რომ გვინდა, გავარკვიოთ, სახლში რა ხდება, სახლობანას ვეთამაშებით და ყველაფერი ვიცით“
21.11.2022

„ბავშვი მიბაძვით სწავლობს. ჩვენ ვართ სარკე ბავშვების. ბავშვი შენ გბაძავს და შენ არც იცი, ისე. ჩვენ რომ გვინდა, გავარკვიოთ, სახლში რა ხდება, სახლობანას ვეთამაშებით ბავშვს და ყველაფერი ვიცით, რაც ხდება მათ სახლში, იმიტომ, რომ ბავშვი იმიტირებს იმ რეალობას, რა გამოცდილებაც მას აქვს. ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ რეალობა ეს არის. ბავშვი სწავლობს მიბაძვით მაგრამ გარემო მისთვის არ უნდა იყოს დამსჯელი, უნდა იყოს უსაფრთხო და ნდობის გამომწვევი“, - თქვა ბავშვთა ფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვებინარზე, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხებოდა.

როგორც სპეციალისტები ასკვნიან, პატარას ნორმალური ოჯახური ურთიერთობის მოდელი სიცოცხლის პირველსავე დღეებში უყალიბდება. ეს მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაშიც. სწორედ საკუთარი მშობლების მაგალითზე სწავლობს ბავშვი ურთიერთდამოკიდებულებას თუ მეტყველების კულტურას.

ერთ-ერთი მასწავლებელი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერდა:

„ბავშვი ოჯახის  სარკეაო. ეს განსაკუთრებით იგრძნობა როლურ თამაშში. თეატრის ოთახში ბავშვების თამაშს ვადევნებდი თვალს. ერთმა ბიჭმა ძველებური, გაფუჭებული ტელეფონის ყურმილი აიღო და „რეკავს“: „ხო საყვარელო,  მალე მოხვალ? პური გათავდა და წამოიღე, კარგი გკოცნი“.

4 წლის გოგო მოუთმენლად ელოდა, როდის დაკიდებდა ბიჭი ყურმილს, თან ხელით ანიშნებდა, გეყოფა, მეც უნდა დავრეკოო. როგორც კი ბიჭმა ყურმილი დადო, ეგრევე ეცა და გაკაპასებული ხმით ჩაჰყვირა: „სად გდიხარ ამდენ ხანს? აღარ მინდა ამდენი სისულელეების მოსმენა, აღარ მოხვიდე საერთოდ შე უტვინო მაჩო.

ჰოდა, ეს როგორ არ უნდა ჩამეწერა? ჩავიწერე და მათ მეტყველების დღიურშიც შევიტანე. მშობლები ხშირად კითხულობენ ამ დღიურებს და იმედია დაფიქრდებიან საკუთარ სიტყვებზე და ქცევებზე“.

skolamdelebi.ge ამ თემაზე რამდენიმე საბავშვო ბაღების აღმზრდელს ესაუბრა. ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ბავშვი ნამდვილად ისე მეტყველებს და აღიქვამს ურთიერთობებს, როგორ გარემოშიც უხდება ცხოვრება.

აღმზრდელებმა ის ფრაზები მოგვაწოდეს, რომლებიც მათ ბავშვებთან ურთიერთობისას ჩაიწერეს:

„დიდი რომ გავიზრდები, ყველა ბებიას ყვავილებს ვუყიდი და მივართმევ. მამიკოს დედასთვის მოაქვს ყვავილები და ბებია არ ეცოდება“.

„პატარა კი არ ვარ, ეგრე რომ დამადექი თავზე. როგორც მინდა, ისე გავაკეთებ!“

„იმედებს ნუ მიცრუებ მასწავლებელო, მე ჩემი მეყოფა!“

„ერთი აღსაზრდელი ეუბნება მეორეს: გეხვეწები, დამშვიდდი, შენს თავს არავის დავაჩაგრინებ, მამაჩემს ვეტყვი და რომ წაგივიყვანს, მერე მშვიდად ვიცხოვრებთ“.

„მასწავლებელო, დიდი გოგო რომ გაიზრდები, შენც მიხვდები, ბავშვებს რომ კანფეტები უყვართ და სუპები უგემურია“.

„ერთი აღსაზრდელი ეუბნება მეორეს: ლობიო არ ჭამო, თორემ ისეთი სუნი დადგება, ვერაფერს დაინახავ“.

„აღსაზრდელს შინაურ ცხოველებზე ვესაუბრები და ვეკითხები - ძროხა რას იწველება? პასუხობს: ლიმონათს“.

„ბავშვს ვეკითხები შენ დიღმის მასივში ცხოვრობ? არა დედიკოსთან, მამა ჩვენთან ყოფნის ღირსი არ არის“.

„მასწავლებელო, ძალიან მიყვარხარ, ჩემს მამიკოსაც უყვარხარ ისე, როგორც ჩემი დედიკო უყვარს“.

„მშობელი მიყვება, სულ იმას მეუბნება, დედიკო, ფული მომეცი მასწავლებელს ტელეფონი უნდა ვუყიდო, ცუდი ტელეფონი აქვს და სირცხვილიაო“.

„ჩემი ძმა სწავლობს, მაგრამ ვერ სწავლობს და მამა ისე უყვირის, მერე მეც ვსწავლობ და ჩემს ძმას ვეხმარები, რადგან მეცოდება. მე ჩემს შვილს არ დავუყვირებ“.

„როცა დეპრესია მაქვს, არ მინდა, ვინმემ გაიგოს, თორემ ჩხუბი დაიწყება და ფანჯრიდან გადავხტები“.

იხილეთ ასევე:

ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი