დღის თემა
etaloni.ge
„სკოლამდელი განათლებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს ბავშვისთვის“ - ექსპერტი საბავშვო ბაღებზე
08.11.2022

„ხარისხიან სკოლამდელ განათლებას აქვს ძალიან დიდი გავლენა მოსწავლეების მიღწევებზე სკოლაში“, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტმა, ანა ჯანელიძემ ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ ინტერვიუში აღნიშნა.

ანა ჯანელიძის აზრით, იმ ორი ბავშვის უნარები, რომლებიც სკოლაში ერთსა და იმავე პედაგოგთან მოხვდებიან, მკვეთრად განსხვავებული იქნება, თუ ერთი მათგანი სკოლამდე საბავშვო ბაღში დადიოდა, რადგან ბაზისი და მხარდაჭერა განსხვავებული ექნებათ. ექსპერტის აზრით, რადგან  ადრეული და სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის, მისი მნიშვნელობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

„ამ პერიოდის გამოტოვება და არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს ბავშვისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ვერასდროს ვერ ავანაზღაურებთ ისე კარგად ამ დანაკარგს, როგორც შესაძლებელი იყო გაგვეკეთებინა ეს ადრეულ ასაკში, რომელსაც „შესაძლებლობის ფანჯარასაც“ ვუწოდებთ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის“, - ამბობს ანა ჯანელიძე.

ადრეული განათლების ექსპერტი 2016 წელს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, აღნიშნულ სფეროს არაფერი არეგულირებდა და საბავშვო ბაღს შეეძლო თავად გადაეწყვიტა ხარისხთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.

„თუ მუნიციპალიტეტს ჰქონდა მაგალითად, 5 ბაღი, მხოლოდ ეს 5 ბაღი ჰქონოდა წლების განმავლობაში და შეეძლო დაეკმაყოფილებინა 20% ადგილობრივი შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისა და არანაირად ეზრუნა იმაზე, რომ ხელმისაწვდომობა გაეუმჯობესებინა... იგივე ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით, არანაირი ჩანაწერი არსად არ არსებობდა 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით განათლებაში“, - ამბობს ანა ჯანელიძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ  მანამდე, საბავშვო ბაღებში, არც აღმზრდელებისა თუ მენეჯერების კვალიფიკაციას აქცევდნენ ყურადღებას. ახლა კი, როდესაც სააღმზრდელო დაწესებულებები ავტორიზაციისთვის ემზადებიან, ყველა საკითხი კარგად უნდა იქნეს გააზრებული.

სკოლამდელი განათლების სპეციალისტის ინფორმაციით, საბავშო ბაღებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამჟამად გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის, რადგან არსებულ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა ძალიან არის გაზარდილი.

„ჯგუფში, რომელშიც 25-30 ბავშვი უნდა იყოს, არის 40-45 ბავშვი, რაც, რა თქმა უნდა, ხარისხზე ახდენს პირდაპირ გავლენას... ამიტომ, ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა, თუმცა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - ამბობს ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ ბევრი მუნიციპალიტეტი ამ პერიოდში ბევრად მეტ თანხას გამოყოფს სკოლამდელი განათლებისთვის ბიუჯეტიდან და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც მიმდინარეობს.  

კიდევ ერთი საკითხი, რაც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ ინტერვიუში აღინიშნა, ადრეული განათლების მიღების საკითხებში მშობლების ჩართულობაა.

„მშობელი უნდა მოითხოვდეს შესაბამისი სახის განათლებას თავისი ბავშვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები საქართველოში აცნობიერებდნენ, რომ მათ ბავშვებს კანონით აქვთ უფლება, სკოლამდელი განათლება მიიღონ 2 წლიდან 6 წლამდე. ასეთია ჩანაწერი კანონში. დღეს-დღეობით ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბავშვი ვერ სარგებლობს ამ უფლებით და ამას თავისი გამოწვევები აქვს, თუმცა ბოლო 10 წლის მიღწევაა, რომ ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა“, - ამბობს ადრეული განათლების ექსპერტი.

იხილეთ ასევე:

„მშობლებს არ უნდათ, ბავშვები ეზოში გავიდნენ“ - მიზეზები, რის გამოც ბაღის ეზო საგანმანათლებლო გარემოდ არ აღიქმება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი