განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ მათი ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, მუნიციპალიტეტებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაძლიერების მიზნით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა ბაღების დიაგნოსტიკური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას 16 მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების 32 წარმომადგენელი ესწრებოდა.
„მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ავტორიზაციის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმისა და თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ჩართული მუნიციპალიტეტები გაეცნენ მათ როლს თვითშეფასების პროცესში და პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად ხორციელდება იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ავსებენ თვითშეფასების კითხვარებს. საბოლოოდ შეხვედრების ციკლი ყველა მუნიციპალიტეტს დაფარავს. ამასთან, პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ცენტრის მხრიდან ამ ეტაპზე შერჩეულია თვითშეფასების 37 სპეციალისტი, რომლებიც ინდივიდუალურად თითოეულ დაწესებულებაში, გაერთიანებასა და მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ვიზიტს და ეხმარებიან მათ თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: