მარტვილის მუნიციპალიტეტს ორ სოფელში, ლეციცხვაიესა და ნოღაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსპლოატაციაში ოქტომბერში შევიდა.
როგორც მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი იტყობინება, სოფელ ნოღაში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ბავშვებისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი. ასევე 30 აღსაზრდელზეა გათვლილი ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღიც.
„ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა, რომელიც 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა“, - ნათქვამია მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.