„ბავშვების ეზოში გასაყვანად არც საბავშვო ბაღების ეზოებია მზად, არც საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი და არც მშობლები“ - ამის შესახებ აღმზრდელ-პედაგოგებისთვის გამართულ ვებინარზე ადრეული განათლების ექსპერტმა, სპეციალისტმა, ნინო ჯიჯავაძემ განაცხადა. აღნიშნულ ვებინარზე ეზოს მოწყობის პრინციპებზე ისაუბრეს.
„ეზო არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გარემო საბავშვო ბაღისთვის და არ უნდს იყოს როგორც მხოლოდ საბავშვო ბაღის სამშვენისი, რომელიც არის ლამაზად გაფორმებული ნარგავებით, სადაც ბავშვები პასიურ როლს ასრულებენ - გადიან, სხედან, ათვალიერებენ ნარგავებს... ეზოში ბავშვებს საშუალება აქვთ, ეზიარონ ბუნებას, უფრო ახლო კონტაქტი დაამყარონ, განვითარდნენ ფიზიკურად - ირბინონ, იხტუნონ, გაკაჟდნენ... ეზო ძალიან კარგი ადგილია, რომ მოვიხსნათ ის, რაც გვბოჭავს ჯგუფის ფიზიკურ გარემოში და გავთავისუფლდეთ, ვიყოთ ლაღები. შესაბამისად, საუკეთესო ადგილია ბავშვების სოციალური უნარების გასავითარებლად, ემოციური კომპეტენციების გასავითარებლად“, - ამბობს ექსპერტი.
ნინო ჯიჯავაძის აზრით, თამაში ჯგუფშიც შეიძლება, მაგრამ ეზო უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს როგორც საგანმანათლებლო პერსონალს, ასევე ბავშვებს თუნდაც კვლევითი, დაკვირვების და შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ბავშვების ეზოში გასაყვანად არც საბავშვო ბაღების ეზოებია მზად, არც საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი და არც მშობლები. მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების უმრავლესობაში ეზო ასფალტით ან ბეტონით არის დაფარული. ასეთი ეზო კი საფრთხის შემცველიც არის და ნაკლებად ხელშემწყობია ბავშვისთვის, რათა მათ განუვითარდეთ ყველა ის უნარი, რისთვისაც ეს დაწესებულება არსებობს.
„სამწუხაროდ, საგანმანათლებლო პერსონალი, მშობლები, უგულვებელყოფენ ეზოს, როგორც საგანმანათლებლო გარემოს როლს. თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი საბავშვო ბაღში ეს არის ჯგუფის ოთახი, ბაღის შენობა და როდესაც ბაღისთვის რესურსის შესყიდვა ან რესურსის გამდიდრება ხდება, უმეტესად აქცენტი კეთდება მხოლოდ ჯგუფის გარემოზე და ეზო რაღაცნაირად მეორეხარისხოვანი ადგილია, ნაკლებად ხდება ეზოს მოწყობაზე ზრუნვა... ეზო არ არის საკმარისად დაფასებული“, - აცხადებს სპეციალისტი.
ნინო ჯიჯავაძე აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძივინვარებდა და რეკომენდაციები ყველა აქტივობის გარე სივრცეში ჩატარებას ითვალისწინებდა, მაშინაც კი ვერ მოხერხდა საბავშვო ბაღების ეზოების მოწყობა და აქცენტი მაშინაც კი ისევ შიდა გარემოზე კეთდებოდა. ეზოს უგულვებელყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად კი სპეციალისტი მშობლების დამოკიდებულებას ასახელებს:
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ბაღის პრაქტიკოსები ასახელებენ, ეს არის მშობლების დამოკიდებულება - მშობლებს არ უნდათ, რომ ბავშვები ეზოში გავიდნენ. მათთვის თითქოს ბაღი აღქმულია, როგორც შენობა, ეზო კი მხოლოდ დანამატია და არა ბაღის შენობასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანი ადგილი... ამ გამოწვევების მოსაგვარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, წლის დასაწყისში მოხდეს მშობლებთან შეხვედრა და საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ეზოს თამაშები, ეზოში დიდხანს ყოფნა, თუნდაც მთელი დღე და გარკვეული შეთანხმება მშობლებთან, რომ ეზო აუცილებლად საგანმანათლებლო გარემოა და იქ აუცილებლად გავლენ ბავშვები“.
ჯიჯავაძის აზრით, თუ მშობლები წლის დასაწყისშივე იქნებიან ინფორმირებულები, რომ აუცილებელია ბავშვების ბაღის ეზოში თამაში და იქ შემეცნებითი სახის აქტივობები, შუა სასწავლო წელს ნაკლები იქნება მათი მხრიდან უკმაყოფილება - ცუდ ამინდში რატომ გაიყვანა აღმზრდელმა ბავშვები გარეთ. კიდევ ერთი პრობლემა, ამ აქტივობის განსახორციელებლად, შესაბამისი სამოსია, რადგან როგორც წესი, ბავშვებიც და უფროსებიც შეუსაბამოდ არიან ჩაცმული სიცხესა თუ სიცივეში.
„მზიან ამინდში მნიშვნელოვანია მზის ქუდის ქონა, წვიმიან ამინდში - საწვიმარის, ბოტების და ა.შ. ეს ყველაფერი ბაღმა მშობლებს წლის დასაწყისში უნდა გაუზიაროს, რომ ასეთი ტიპის ტანსაცმელი აუცილებლად დასჭირდებათ ბავშვებს იმიტომ, რომ ეზო აუცილებელად საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია“, - ამბობს სპეციალისტი და მშობლებს ურჩევს, ბაღში ბავშვს სათარიგო ტანისამოსი გაატანონ, რადგან ის ეზოში აუცილებლად დაისვრება.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აღნიშნულ ვებინარზე გაჟღერდა, ის გახლავთ, რომ საბავშვო ბაღების უმრავლესობაში ეზო უსაფრთხო და შესაბამისად მოწყობილი არ არის და აღმზრდელებიც ხშირად იმიტომ იკავებენ თავს, რომ პატარები გარეთ გაიყვანონ.
იხილეთ ასევე: