21 ტერმინი, რომელიც საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ - რას ნიშნავს სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი და საკონსულტაციო საბჭო
თბილისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების შესახებ არსებულ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება ცალკე მუხლშია ჩამოყალიბებული.
გთავაზობთ 21 ტერმინის განმარტებას, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია.
- საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო –მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მართვის პოლიტიკას;
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება – სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას;
- სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა;
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურება – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურება 9-საათიანი ხანგრძლივობითა და სამჯერადი კვებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ბაგის ჯგუფი – 2-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფი;
- ბაღის ჯგუფი – 3 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფი;
- ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;
- აღსაზრდელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხული ბავშვი;
- მშობელი – ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი;
- წლის ვაუჩერი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ აღსაზრდელზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აღსაზრდელის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი – პირი, რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება;
- ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;
- საკონსულტაციო საბჭო – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებასთან არსებული საბჭო, რომელიც ამ დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს;
- რეგისტრაცია – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია, ამ წესის შესაბამისად;
- სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;
- სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას;
- მარტოხელა მშობელი – საქართველოს მოქალაქე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი.
- მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი – საქართველოს მოქალაქე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11912 მუხლით გათვალისწინებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი/ნაშვილები.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული ბავშვი – ამ წესის მიზნებისთვის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული ბავშვი;
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი ბავშვი, რომლის სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 100000-ზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი;
- სამხედრო მოსამსახურეების შვილები – საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები.
იხილეთ ასევე:
19 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული სტანდარტიდან
ტერმინები, რომელთა განმარტებაც ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ