დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 7 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს, ეროვნულ გამოცდებს აბარებს
04.07.2023
ახალციხის მე-3 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, მეგი თათეშვილი, რომელიც 45 წლის არის, 7 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„45 წლის ვარ - 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია...

1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ამაზე გული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწყდებოდა. 

მეუღლე 3 წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.. სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი.

პირველი გამოცდა უკვე მქონდა. მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის (მათ შორის, საკუთარი თავისთვის) იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს.
 
ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ. აღმზრდელის თანაშემწე ვარ. მომავალშიც განათლების სფეროში ვგეგმავ განვითარებას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამოუკიდებლად მოვემზადე. იმედია, ყველაფერი გამომივა”, - ამბობს ბაღის აღმზრდელი.

იხილეთ ასევე:

როდემდე და რატომ ევალებათ ბაღის აღმზრდელებს არდადეგების დროს სამსახურში სიარული

„აღმზრდელმა ბავშვებს პირადი მაგალითი უნდა მისცეს“ - რა ევალება ბაღის პერსონალს აღსაზრდელებთან ურთიერთობისას
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი