საბავშვო ბაღის პერსონალი ვალდებულია, აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს გარკვეული ქცევისა და ეთიკის ნორმები დაიცვას.
საბავშვო ბაღის პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები მუნიციპალიტეტების მიერ ინდივიდუალურად არის ჩამოყალიბებული, თუმცა, საბოოო ჯამში, ყველა ერთმანეთის მსგავსია.
თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი დოკუმენტების მიხედვით, სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს ასეა განსაზღვრული:
► ბაღის პერსონალმა საკუთარი უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
► პერსონალმა უნდა აღიაროს აღსაზრდელი, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილე და გაითვალისწინოს მისი პოზიცია და აღქმა.
► პერსონალმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
► პერსონალი უნდა ზრუნავდეს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვითმიკუთვნებულობის განცდაზე.
► პერსონალმა უნდა შექმნას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცული, ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა.
► პერსონალი უნდა ზრუნავდეს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
► პერსონალმა უნდა იურთიერთოს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.
► პერსონალმა უნდა გააცნობიეროს თამაშის მნიშვნელობა აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
► პერსონალმა უნდა შექმნას გარემო, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
► პერსონალი უნდა ზრუნავდეს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით.
► პერსონალი უნდა ითვალისწინებდეს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებდეს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
► პერსონალმა აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროვების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) უნდა მოიპოვოს აღსაზრდელისა და მისი მშობლის თანხმობა და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
► საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პერსონალი უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
► პერსონალმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში და განახორციელოს სიტუაციისათვის ადეკვატური ქმედებები.
► პერსონალმა უნდა გამოიყენოს პოზიტიური დისციპლინის მეთოდები და სტრატეგიებ.
► პერსონალი თანაბარ ყურადღებას უნდა უთმობდეს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა.
► პერსონალმა აღსაზრდელს თავს არ უნდა მოახვიოს საკუთარი აღმსარებლობით, პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებები და არ დაუშვას ამ ტიპის ქმედება სხვების მხრიდან.
► პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
► პერსონალი უნდა მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით.
იხილეთ ასევე: