2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღების უმრავლესობაში დასრულდა. როგორც წესი, იმას, თუ როდის დაიწყება არდადეგები ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მთავრობა წყვეტს.
მუნიციპალიტეტში, სადაც საზაფხულო ბაღები არ იქნება, არდადეგები 16 ივლისს იწყება
საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო თბილისის საბავშვო ბაღებში. ახლა დედაქალაქში 187-დან მხოლოდ 45 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მუშაობს, რადგან იქ ფუნქციონირება საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სადაც საზაფხულო ბაღები არ გახსნილა, თანამშრომელთა ნაწილს ვალდებულება აქვს, 12 ივლისამდე იაროს, ნაწილი კი 28 ივლისამდე უნდა გამოცხადდეს სამსახურში.
როგორც სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა გვითხრა, აღსაზრდელების გარეშე დარჩენილ საბავშვო ბაღებში, პერსონალს ევალება, მოაწესრიგოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, გადახედოს თავის ჩანაწერებს, მოაწესრიგოს ჯგუფის სივრცე... თუმცა, როგორც ბაღის აღმზრდელები skolamdelebi.ge-სთან ამბობენ, ყველაფერი, რაც ევალებათ, უკვე გაკეთებული აქვთ და სამსახურში მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ ამას კანონი ავალდებულებთ.
კითხვაზე, რატომ ევალებათ სიარული და რას აკეთებს ბაღის პერსონალი ბავშვების გარეშე დარჩენილ დაწესებულებაში, ერთ-ერთმა სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა ასე გვიპასუხა:
„შრომის კოდექსის მიხედვით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს 36 სამუშაო დღეზე მეტი შვებულება არ ეკუთვნით წლის განმავლობაში. საქმე რომც არ ჰქონდეთ, მაინც უნდა იარონ სამსახურში. ეს დრო შეუძლიათ გამოიყენონ განმავითარებელი ტრენინგებისთვისაც.
36 დღიანი შვებულება ეკუთვნით ასევე აღმზრდელების თანაშემწეებს, ბაღის სპეცმასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, მუსიკის მასწავლებლებს... ისინი 12 ივლისიდან გადიან შვებულებაში.
დირექტორებს, მათ მოადგილეებს, კოორდინატორებს ანუ მეთოდისტებს, ბუღალტერს, ტექპერსონალს 24 სამუშაო დღე შეუძლიათ დასვენება. ამის მიხედვით, ეს პერსონალი 28 ივლისიდან ისვენებს.
4 სექტემბერს ვბრუნდებით სამსახურში და ყველა ფიქრობს, რომ ამ დღიდან 15 სექტემბრამდე შეუძლიათ იმ ყველაფრის მოწესრიგება, რაც ევალებათ. ამიტომაც, ბაღის თანამშრომლები ითხოვენ, კანონში ცვლილება შევიდეს - კითხულობენ, რატომ უნდა იაროს აღმზრდელმა 12 ივლისამდე და სხვებმა 28-მდე, როდესაც მერეც, სექტემბერშიც აქვთ დრო იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც ვითომ ახლა დადიან. 4-დან 15 სექტემბრამდე ყველა მათგანი ალბათ უფრო პროდუქტიული, დასვენებული, გონებაგახსნილი იქნება და ახალი იდეებითაც მოვლენ“.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 15-დან 12 თანამშრომელი უჩიოდა, სასამართლომ გაამართლა
პარლამენტმა აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა დაიწყო